ჯასტინ ტრიუდო:  მტკიცებულებები მიგვანიშნებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო

ჯასტინ ტრიუდო:  მტკიცებულებები მიგვანიშნებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო

უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც ირანში კატასტროფა განიცადა, ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო აცხადებს.

“ჩვენ გვაქვს დაზვერვის მონაცემები მრავალი წყაროდან, ჩვენი მოკავშირეებისა და საკუთარი დაზვერვის ჩათვლით. მტკიცებულებები მიგვანიშნებს, რომ თვითმფრინავი ირანულმა მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო,“- განაცხადა ტრიუდომ.

მისივე თქმით, კანადის მთავრობა არ მოისვენებს, სანამ არ მიაღწევს „გამჭირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართალს.“

მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა საზენიტო რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო.

CBS-ი ამერიკულ დაზვერვაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რადარებმა ორი რაკეტის გაშვების შედეგად დატოვებული ინფრაწითელი კვალი დააფიქსირეს, რასაც აფეთქება მოჰყვა.

The New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ არტყამს თვითმფრინავს ირანული რაკეტა თეირანის აეროპორტთან ახლოს.