„მგონია, რომ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უნდა მოხდეს ე.წ შავი ყუთის გახსნა და შესაბამისად იქიდან ინფორმაციის მოპოვება."- ასე აფასებს „რეზონანსთან" საერთაშორიო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე, თეირანის აეროპორტში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო ბოინგის კატასტროფას, რომელიც მიიჩნევს, რომ რეალურ გამოძიებას მხოლოდ საერთაშორისო ნეიტრალური ექსპერტები შეძლებენ.
ირანელი გამომძიებლების წინასწარი ანგარიშის თანახმად, რომელიც თვითმხილველებისა და სხვა თვითმფრინავის ეკიპაჟზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ უკრაინულმა სამგზავრო ბოინგმა, რომელმაც ტექნიკური შემოწმება 6 იანვარს გაიარა, ტექნიკური პრობლემა აფრენიდან მალევე შეექმნა და მათივე თქმით, ბოინგს ცეცხლი ჩამოვარდნამდე წაეკიდა.
თუმცა, ირანელი გამომძიებლების წინასწარ დასკვნაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სახის ტექნიკური პრობლემა შეექმნა ლაინერს, იყო სპეკულაციები იმის შესახებაც, რომ შესაძლოა უკრაინული სამგზავრო ბოინგი ირანის სარაკეტო დარტყმებს ემსხვერპლა, რომელიც ერაყში ამერიკის სამხედრო ბაზებზე ახორციელებდა.
ჩიტაძე ამბობს, რომ გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ, რაშიც აუცილებელია ნეიტრალური მხარის ჩართვა.
„რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დაველოდოთ,ჩემი აზრით, საერთაშორისო ექსპერტები უნდა ჩაერთონ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ვერც ირანული და ვერც უკრაინული მხარე ალბათ ვერ იქნება ნეიტრალური.
„ირანული მხარე ბუნებრივია შეეცდება იმის მტკიცებას, რომ ვთქვათ თვითმფრინავის ძრავი გაუმართავი იყო, რამაც ტრაგედია გამოიწვია და მეორეს მხრივ, უკრაინული მხარე, უკრაინული ავიაკომპანია დაიწყებს მტკიცებას, რომ თვითმფრინავის ძრავი გამართული იყო, ანუ ორივე მხარე საკუთარ ინტერესებს დაიცავს, აქედან გამომდინარე მგონია, რომ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უნდა მოხდეს ე.წ შავი ყუთის გახსნა და შესაბამისად იქიდან ინფორმაციის მოპოვება.
„ამ შემთხვევაში შეგვიძლია სხვადასხვა ვერსიებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ტრაგედია არანაირად არავის არ სურდა, არც ირანს, მითუმეტეს იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც დღეს არსებობს და ბუნებრივია, არც უკრაინის კერძო ავიაკომპანიას,
„მაგალითად, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტო, რომლის შტაბბინა კანადაში, ქალაქ მონრეალში მდებარეობს და შესაძლებელია, რომ მათ თავიანთი ექსპერტები წარმოადგინონ, რომელიც ნეიტრალური მხარე იქნება და ასეთ შემთხვევაში გამოჩნდება თუ რა იყო რეალური მიზეზი."-განაცხადა ჩიტაძემ.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობა ავიაკატასტროფის რამდენიმე მიზეზს განიხილავს,
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინელი ექსპერტები ბოინგ-737-ის რუსული „ტორ"-ის ტიპის რაკეტით ჩამოგდების ვერსიას განიხილავენ.
„განიხილება თვითმფრინავის უეცარი ჩამოვარდნის სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საზენიტო სარაკეტო სისტემით, რუსული „ტორის" ტიპის რაკეტით ჩამოგდების ვერსია, რადგანაც ინტერნეტში უკვე გავრცელდა კატასტროფის ადგილთან რუსული რაკეტის ნამსხვრევების პოვნის შესახებ ინფორმაცია.
"ასევე, შეჯახება უპილოტო საფრენ აპარატთან ან სხვა მფრინავ ობიექტთან და ძრავის აფეთქება ტექნიკური მიზეზების გამო და თვითმფრინავის შიგნით აფეთქება ტერორისტული აქტის შედეგად", - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.
ახლო აღმოსავლეთში მოვლენების ესკალაციის გამო, ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დროებით უარი თქვეს მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიებმა.
არსებული ინფორმაციით, საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა, განვითარებული მოვლენების გამო, ირანის ნაცვლად, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს თეირანის აეროპორტში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო ბოინგმა კატასტროფა განიცადა, გარდაცვლილია 176 ადამიანი.