ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ე.წ. დიპლომატიური უწყება რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, სოხუმში დემონსტრაციების ადგილს თავი აარიდონ.

„თვალყურს ვადევნებთ სოხუმში ოპოზიციის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმით აღებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. დედაქალაქში, ქალაქის ცენტრის გამოკლებით ვითარება სტაბილურია. სოხუმში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს დემონსტრაციის ადგილიდან თავის არიდებისკენ მოვუწოდებთ“, –  აღნიშნულია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება რამდენიმე საათის წინ დაიძაბა. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ე.წ. ოპოზიციური ძალები შეიჭრნენ, რაც მარიონეტულმა რეჟიმმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

„ოპოზიცია“ ამტკიცებს, რომ რაულ ხაჯიმბას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა არ მოუპოვებია.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი – 46,17.  ე.წ. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55 პროცენტით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.