უკრაინელები „ბოინგ-737“-ის ავიაკატასტროფის ადგილას რუსული რაკეტის ნარჩენებს ეძებენ

უკრაინელები „ბოინგ-737“-ის ავიაკატასტროფის ადგილას რუსული რაკეტის ნარჩენებს ეძებენ

უკრაინული ბოინგის ავიაკატასტროფის გამო, თეირანში  ჩასული უკრაინული მხარის კომისია ამ წუთებში ირანულ მხარესთან შემთხვევის ადგილზე გასვლის საკითხს ათანხმებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“ ინფორმაციას ავრცელებს, კომისიის წევრების მთავარი მიზანია, კატასტროფის ადგილას რუსული რაკეტის „ტორის“ ნარჩენები მოიძიოს.

გამოძიების ამ ეტაპზე, უკრაინული მხარისთვის კატასტროფის მთავარი ვერსია სწორედ რუსული რაკეტის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებაა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის განცხადებით, რუსული რაკეტის „ტორი“ შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა და ახლა უკრაინელი სპეციალისტები ცდილობენ, შემთხვევის ადგილზე გადაამოწმონ, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს.

შეგახსენებთ, დღეს, ირანში უკრაინიდან „ბოინგ-737“-ის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით, 45 სპეციალისტი ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ირანელები უკრაინელ სპეციალისტებს შავი ყუთის გაშიფვრის პროცესშიც ჩართავენ.