ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები გამოაქვეყნა. ამის შესახებ Meduza წერს.
ანგარიშის მიხედვით, რადარებიდან გაქრობამდე თვითმფრინავი 2 500 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა. პილოტებმა დისპეტჩერს პრობლემების შესახებ არ შეატყობინეს, თუმცა ფრენის ტრაექტორიის მიხედვით აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდნენ.
თვითმხილველების ცნობით, ლაინერს ცეცხლი ჯერ კიდევ ჰაერში გაუჩნდა, ჩამოვარდნის შემდეგ კი თვითმფრინავი აფეთქდა.
თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" კუთვნილი Boeing 737 გუშინ ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა.
მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.