"არ მჯერა გაფართოებული, ძალით შეთითხნილი ოპოზიციის“ - თაკო ჩარკვიანი თანამებრძოლებს უპირისპირდება

 

"არ მჯერა იმ გაფართოებული, ძალით შეთითხნილი ოპოზიციის, რომელიც ღირებულებების გარშემო არ იკრიბება," - ამ სიტყვებით პარტიის "კანონი და სამართალი" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ე.წ. შავ სიას გამოეხმაურა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მსგავსი ტიპის გაერთიანებებს არ ემხრობა.

"ეს სია არის დაცინვა იმ ადამიანებისა, რომლებიც გარეთ არიან და გაფართოებული, იმედის თვალებით შეჰყურებენ ოპოზიციას. არ არის ნორმალური ეს ოპოზიციის მხრიდან. მე ძალიან მიხარია, რომ ამის მონაწილე არ ვარ, მაგრამ არაფერი გამკვირვებია. ძალიან ბევრი მსტოვარი ზის იმ მაგიდასთან. იქ სადაც ღირებულებები საერთო არ არის, ამ ტიპის გაერთიანებას არ ვემხრობი. არ ამართლებს. არ ხდება ასე, რომ რუსეთთან მიმართულებაში სხვა ღირებულება გაქვს, ხოლო საზოგადოებასთან სხვა. რაღაცეებში გამიჯვნა მოგვიწევს," - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

ე.წ. "შავი სიის" შესადგენად ოპოზიციის მორიგი შეხვედრა დღეს შედგება. სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ ისინი სიის ნაწილსაც გაასაჯაროვებენ. კონკრეტული სახელები და გვარები ეტაპობრივად დასახელდება. ოპოზიცია ამბობს, რომ იქნება ორი სია - საჯარო პირების, რომლებიც პოლიტიკური დევნის ფაქტებში მონაწილეობენ და მეორე, დაზარალებულების სია.

პარალელურად პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ოპოზიცია კვლავ აქციებს და პიკეტირებას აანონსებს.