თეორიულად ყველამ ყველას შეიძლება დაარტყას. პრაქტიკულად უზომოდ არარაციონალური და არაპრაგმატული ჩანს ირანმა დაარტყას ემირატებს ან ისრაელს. ირანი რაციონალური მოთამაშეა. არც ეკონომიკურად, არც პოლიტიკურად, არც სოციალურად, არც დიპლომატიურად ირანი დიდი ომისთვის მზად არ არის, - ასე აფასებს საქართველოს საქმეთა ყოფილი დროებითი რწმუნებული პორტუგალიასა და კვიპროსში გია ჯაფარიძე ირანსა და ამერიკას შორის გამწვავებულ ვითარებას.
„ერაყის ტერიტორიაზე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე დარტყმა უფრო ერაყის მთავრობაზე წნეხია. ერაყის მთავრობას, მეეჭვება, ამერიკელების გასვლა აწყობდეს. ირანს კიდევ ეგ უნდა ზუსტად.
პუტინის სირიაში ჩასვლა სიმბოლური ჟესტია. სიმბოლოებს პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ასადთან ერთად საშობაო სანთელიც სიმბოლურია, მაგრამ მაინც განწირული მცდელობაა რუსეთი რეგიონის ქრისტიანების დამცველად წარმოჩინდეს. ეგ სანთელი იმის ნიშანია, რომ ბერძნების ხელში არსებული დანარჩენი სამი საპატრიარქო ბერძნების ხელში დარჩება.
საინტერესო საბერძნეთის პრემიერ მინისტრის აშშ-ში დაგეგმილად შემდგარი ვიზიტია. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის უსაფრთხოების ახალი კონფიგურაცია ნელ-ნელა ხორცს ისხამს მგონი. მით უმეტეს, რომ East Med Pipeline აშშ-ს მხრიდან საკანონდმედლო აქტით არის უკვე მხარდაჭერილი.
უფრო საინტერესო პუტინის თურქეთში ვიზიტი და რუსულ-თურქული მილსადენის გახსნაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დეკემბრის ბოლოს ანკარა-ტრიპოლიმ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის აუზი ისე გაყო ორ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონად, რომ ელლადა, ისრაელი, ეგვიპტე, კვიპროსი და ზემოთნახსენები პროექტი არც გახსენებია. ანკარა მხარს უჭერს გაერო-ს მიერ აღიარებულ ლიბიის მთავრობას, ხოლო რუსეთი ამ მთავრობის მეტოქე გენერალ ჰაფტარს, რომელიც სახიფათოდ ახლოს იმყოფება ტრიპოლისთან. ლიბიაში, შავ ზღვაზე, სირიაშიც და ერაყშიც რუსეთი და თურქეთი სხვადასხვა მხარეს დგანან.
ჩრდილოეთით - ყირიმის ანექსია და ნახევარკუნძულის მილიტარიზაცია, სამხრეთით - გაურკვევლობა სირიასა და ერაყში, აღმოსავლეთით - ირანის კრიზისი და ირანის რეგიონალური ამბიციები, დასავლეთით - ევროპული ინტეგრაციის ჩიხი. ახალი ენერგეტიკული პროექტები, სადაც თურქეთი შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული. შიდა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ეს ყველაფერი ხსნის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი თურქეთის ქმედებებს.
ევროპა. ასე მოკლედ არ გამოდის“, - წერს ჯაფარიძე Facebook-ში.