„მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა.
ნიკა გვარამიას თქმით, გლდანის ციხეში მისულს პატიმრები ორი საათის განმავლობაში უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ. ამის შესახებ გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
”გიორგიმ დამირეკა 6 იანვარს. ისეთი ხმა ჰქონდა, მივხვდი, დახმარება სჭირდებოდა. კახეთში ”მხოლოდ ქართულის” ჩაწერაზე უნდა წავსულიყავი, მაგრამ წავედი გლდანის ციხეში. შემიშვეს ადვილად, მიუხედავად იმისა, რომ ნახვის საათებს, ანუ 6 საათს ძლივს მივასწარი. მერე მივხვდი, რატომ შემიშვეს ასე ადვილად. რომ შევედი, დავინახე ყველა პატიმარი გადმომდგარი იყო ოთხივე კორპუსიდან და მომმართავდნენ საშინელი სიტყვებით. გინება არც მე მიკვირს, მაგრამ იქ ისეთი ამბავი იყო.... ეს გრძელდებოდა ორი საათის განმავლობაში. მე პატიმრებისგან ასეთი ქცევა არ მწყენია. გავბრაზდი? არც გავბრაზებულვარ, პატიმრებზე არ ბრაზდებიან. ეს ყველაფერი ჩემზე არ მოქმედებს, საშინელება იყო ის, რომ ამას ასმენინებდნენ პატიმარს. გიორგი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ხელი და ფეხი დაწვრილებული აქვს.
კაცი საკაცით მომიყვანეს შეხვედრაზე და გაუჩერებლად ცრემლი სდიოდა მთელი საუბარი და თან ერცხვინებოდა ამ ცრემლის. მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარ აქამდე. სიკვდილმისჯილი მძევალი გვყავს 21-ე საუკუნეში?! ესაა ქვეყანა და ჩვენ ვართ ხალხი? არა და არა.
ის არის პატრიარქისა და სახელმწიფოს მძევალი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!” - განაცხადა გვარამიამ გადაცემაში ”მთავარი აქცენტები”.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ ხუთი პატიმარი შეიწყალა, მაგრამ მათ შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.