ოპოზიციამ კიდევ ერთი „შავი სია" შეადგინა, რომელსაც, ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს გადასცემენ. თუმცა, „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია დასავლეთში ამ სიასთან დაკავშირებით, რაიმე სახის რეაგირებას არ ელოდება და „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ეს უბრალოდ ოპოზიციის მცდელობაა, ხელისუფლების ისედაც დაბალი რეიტინგი უფრო დაბლა დაწიოს.
„ქვეყნის შიგნით „ქართულ ოცნებას" არცისე მაღალი რეიტინგი აქვს და ეს შეიძლება განვიხილოთ გარკვეული მორალური წნეხის ერთეულ მცდელობად, რომ ის რეიტინგი, რომელიც „ქართულ ოცნებას" დარჩა, კიდევ უფრო დაწიონ და საზოგადოებაში სახელი გაუტეხონ. ძირითადად ამას ემსახურება. რამდენად შეძლენებენ, ეს ცალკე საკითხია," - თქვა კაკაჩიამ.
ოპიზიცია გეგმავს, რომ საკითხი სწორედ საერთაშორისო დონეზე გადაწყდეს - დასავლელმა პარტნიორებმა სიაში მყოფი პირებისადმი სანქციების დაწესება უნდა უზრუნველყონ. რაც შესაძლოა იყოს როგორც ჯარიმა, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილების უფლების შეზღუდვა.
ოპოზიციის მიერ ე.წ. შავი სიის ხუთეული ასე გამოიყურება: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი). ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
„ოპოზიციის მხრიდან ძალიან საეჭვო ღირებულების ინიციატივაა და დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე გაუგებარია რა უნდა გამოიწვიოს ამ სიებმა გარდა იმისა, რომ ამას შესაძლოა მორალური ზეწოლის ფუნქცია ჰქონდეს ხელისუფლებასა და იმ სტრუქტურებზე, რომლებსაც ოპოზიცია აკრიტიკებს. რამდენად ქმედითუნარიანია ეს სია, ეს ცალკე საკითხია.
„ზოგადად იმ ქვეყნებშიც, სადაც ავტორიტარული მმართველობაა, დასავლეთს არ ჰქონია ერთიანი პოზიცია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანთა უფლებების დარღვევას ეხება. საქართველოსთან მიმართებაში არ მგონია ერთიანი შეხედულება არსებობდეს დასავლეთში, მითუმეტეს, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი სია არ მგონია მყარი დოკუმენტი იყოს იმისათვის, რომ ამ ინიციატივას რაღაც შედეგი ჰქონდეს.
„ფორმალურად ეს შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი გადაწყვეტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიის გზას გადაუხვია და უარი თქვა დემოკრატიულ განვითარებაზე. ვიცით, რომ საქართველოში არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია და სერიოზული პრობლემები არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით, ხელისუფლების არაფრომალურ მმართველობაზე და ა.შ. ჯერჯერობით ის ვითარება არ არის, რომ დასავლეთში განხილული იქნას ეს საკითხები. ეს გარკვეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სურვილი უფრია, ვიდრე რეალობა," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.