ბოდბელმა ეპისკოპოსმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვაზე მრევალს დღესასწაული მიულოცა, ხოლო წირვის შენდეგ, საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.
მეუფე იაკობის განცხადებით, ის პატრიარქის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას არც ეკლესიის შიგნით და არც მის გარეთ არავის აპატიებს.
„ვითომ სიმართლისთვის იბრძვიან და სინამდვილეში, იმ ადამიანებს ჭკუა აქვთ, ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვთ მათ. დღეს არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ცოტა ხნით ქვეყნიდან გავდივარ, დავბრუნდები და ეს საკითხი მოსაკითხია, აბა რა იციან, რა უნდათ და რას იძახიან? ერთია, რას იძახი და მეორე – რას ამტკიცებ. ზოგი ღვთის შვილი ღმერთის გზას მიყვება, ზოგი სამწუხაროდ, აცდენილია. ღმერთმა უშველოს ყველას. ვისურვებდი, ცოტა მეტად იფიქრონ, როდესაც გვყავს მამა და შეურაცხყოფენ მას. ტყუილად შეურაცხყოფენ, მის გვერდით ვარ ამდენი წელია და ჩემზე მეტს რას ხედავენ? სად და ვისთან ერთად დადიან გადახედონ. პასუხი უნდა მიიღონ, რაც ეკუთვნით. რჯულის კანონს იძახიან, მიიღებენ რჯულის კანონით, თორემ ოდნავი კაცობა რომ ჰქონდეთ, ასე არ მოიქცეოდნენ. ვიცნობ ყველას, ვიცი როგორი ე.წ ვაჟკაცები არიან. ყველაფერს მიეხედება, მთავარია არ შეგეშინდეთ. თქვან, რა იციან, ბოლომდე ამოიღონ ხმა, სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ, რა ცოდვამ დააკავშირა ერთმანეთს, მაგასაც გაჩვენებთ, ნუ ჰგონიათ ბოლომდე ჩუმად ვიქნები. ღმერთს შევთხოვ, ვიღაცები გონებაზე მოიყვანოს. უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში აღარ მოვუთმენთ ერთმანეთს, არამედ გარეთ პასუხს მოვთხოვთ,“– განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა.
რაც შეეხება პატიმრობაში მყოფი დეკანოზის გიორგი მამალაძის საკითხს – მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ დეკანოზი ოდნავ მართალი რომ ყოფილიყო, პატრიარქიც და თავადაც მას გვერდში დაიდგებოდა:
“მე ამერიკაში ვთქვი, თუ შეიწყალა პრეზიდენტმა, შეიწყალა რა. ჩემთვის დეკანოზი კი არა, იცით საკვირველი რა არის? – სოხუმი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა გაწუხებდეთ. ასევე ნებისმიერი პატიმარი – ვაჟას როცა გაუჭირდა, დავუდექი გვერდში და დავეხმარე. ის რომ ოდნავ მართალი ყოფილიყო, პატრიარქი დაუდგებოდა და მეც დავუდგებოდი გვერდით.
პრეზიდენტს ჩვენ ჩვენი შევთავაზეთ და არცერთი პრეზიდენტი არ ყოფილა, რომ შეწყალებაზე ჩვენი ან პატრიარქის მოესმინა. რომელი პოლიტიკოსებიც იძახიან, მე შემიძლია იმათ ვუთხრა, უარს როგორ გვეუბნებოდნენ და რა მაქვს გაკეთებული, ვიღაცები რომ შეეწყალებინათ. პოლიტიკურ სპეკულაციებს ნუ ეწევიან,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.