„გასულ წელს ეკლესიაში განვითარებულმა მოვლენებმა სამწუხარო კვალი დატოვა“- ამის შესახებ ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი აცხადებს.
როგორც ის ამბობს, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს მიმართ გადადგმულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობს, რადგან მისი თქმით, მან ვერ შეძლო სულიერი ძმების დარწმუნება იმ ნაბიჯების გადადგმის გარდაუვალ აუცილებლობაში, რაც თავიდან ააცილებდა ეკლესიას და თვით სახელმწიფოს იმ ტიპის რყევებს, რომლის შედეგებიც არც თუ შორეულ მომავალში იქნება.
„მხედველობაში მაქვს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ და მის მიმართ გადადგმული ნაბიჯები. აქ ჩემს პირად პასუხისმგებლობასაც გავუსვამდი ხაზს, რადგან ვერ შევძელი ჩემი სულიერი ძმების დარწმუნება იმ ნაბიჯების გადადგმის გარდაუვალ აუცილებლობაში, რაც თავიდან ააცილებდა ეკლესიას და თვით სახელმწიფოს იმ ტიპის რყევებს, რომლის შედეგებიც არც თუ შორეულ მომავალში, სავარაუდოდ, მძაფრად იჩენს თავს. „ციანიდის საქმის“ შემდეგ, გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც არსებული მძიმე მდგომარეობა, რაც ე.წ. „დამოკლეს მახვილის“ მსგავსად ჰკიდია ჩვენი დედაეკლესიის ინსტიტუციური სხეულის თავზე და მეტისმეტად აზიანებს მის ავტორიტეტს. ჩემთვის, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ერთ-ერთი წევრისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით დადგინდეს ჭეშმარიტება და ერთმნიშვნელოვანი პასუხით წერტილი დაესვას ყოველგვარ სპეკულაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ უფრო და უფრო შეუძლებელი გახდება იმ პროცესთა შეჩერება, რომელიც თანაბრად აზიანებს ჩვენს ეკლესიასა და სახელმწიფოს,”-აღნიშნულია მეუფე გრიგოლის მიერ გავრცელებულ საშობაო ეპისტოლეში.
2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა და თქვა, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდანგადააყენა. ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა.
სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა.