საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს ის წერილი გააცნო, რომლითაც საპატრიარქომ პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართა.
ჯაღმაიძის თქმით, წერილი, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს, უმაღლესი ლეგიტიმაციისაა.
„საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ა.წ. 31 ოქტომბრის წმ. სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით",- აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის საშობაო შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.
სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 5 პირი შეიწყალა.