ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უსამართლო გადაწყვეტილებამ, დეკანოზის შეწყალებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში სიმშვიდის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შემოიტანა:
„მოლოდინი მქონდა ისეთი, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. იგი არ შეიწყალებდა დეკანოზს. ვამბობდი და ვამბობ, რომ არიან გარკვეული პირები, რომელთაც არანაირად არ სურთ დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა და სირცხვილია, როცა პრეზიდენტი ადვოკატებს გვიხსენიებს, თითქოს ჩვენ არგუმენტები არ გვქონდა.
გასაგებია, რომ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება არის გარდაცვლილი, სადაც არ არის სამართლიანობა – პრეზიდენტი კი არა, არავინ არაფერს არ შეცვლის. ამიტომ ჩემი მოთხოვნა და რჩევა იქნება, სანამ ადვოკატებზე იქნება საუბარი, ჯერ კარგად გაგვეცნოს, კარგად მოგვისმინოს და მერე ილაპარაკოს.
ეს არის დადგმული. პრეზიდენტმა საზოგადოებაში სიმშვიდის ნაცვლად უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა ამ უსამართლობით“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა სალომე ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობით 2019 წლის 31 ოქტომბერს მიმართა, თუმცა პრეზიდენტმა დეკანოზი არ შეიწყალა:
„ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას“ – განაცხადა ზურაბიშილმა სპოეციალურ ბრიფინგზე და ამასთან, ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკლესიის წიაღში შეწყალება და სახელმწიფოს მხრიდან შეწყალება ერთმანეთისგან განსხვავდება.