“თმაზეც მეტყობა, რომ ნანერვიულები ვარ” - რა რეაქცია ჰქონდა ნიკა არაბიძეს ნიკა გვარამიას კრიტიკაზე

“თმაზეც მეტყობა, რომ ნანერვიულები ვარ” - რა რეაქცია ჰქონდა ნიკა არაბიძეს ნიკა გვარამიას კრიტიკაზე

იუმორისტ ნიკა არაბიძეს არასოდეს უოცნებია თავის საავტორო გადაცემაზე, მაგრამ “კომედი შოუ” როცა გაიყო და “რუსთავი 2”-დან ვანო ჯავახიშვილი წავიდა, “ვანოს შოუს” ნაცვლად საეთერო ბადეში “ნიკა არაბიძის შოუ” ჩაჯდა.

გაყოფის პროცესი ნიკასთვისაც მტკივნეული იყო, მაგრამ ამ ემოციებზე დღეს ნაკლებად ფიქრობს. როდესაც გადაცემაში თბილისის მერი კახა კალაძე ჰყავდა, ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ ძალიან გააკრიტიკა.

"ვიტყვი იმას, რომ ხუმრობა შეიძლება ყველაზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანის შეურაცხყოფა. ვერც იმაში ვხედავ პრობლემას, გადაცემის სტუმარი ოპოზიციიდან იქნება თუ ხელისუფლებიდან, რადგან ორივე შემთხვევაში შეგვიძლია ობიექტურად, იუმორის ენით ერთ მხარესაც ვუთხრათ სათქმელი და მეორესაც. ამიტომ არ ვთვლი, რომ გასაკრიტიკებლები ვართ", - განაცხადა არაბიძემ..

ტელეწამყვანი ამბობს, რომ ნამდვილად გულწრფელად უსურვებს წარმატებას იმ ადამიანებს, რომლებიც "რუსთავის 2"-ის გუნდიდან წავიდნენ.

"თმაზეც მეტყობა, რომ ნანერვიულები ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან სანერვიულო იყო ის პროცესი, რაც მთლიანად ტელეკომპანიამ და კონკრეტულად ჩვენმა ჯგუფმა განიცადა. 15 წელი ცოტა არ არის და, ბუნებრივია, ეს პროცესი მტკივნეულად გადავიტანე.

მეგობრულ ურთიერთობას ვინარჩუნებთ, მაგრამ ყოველდღიურად კონტაქტს ვერ ვახერხებთ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ თამუნა ლეკვეიშვილის დაბადების დღე იყო. მე, ალეკო მალხაზიშვილმა და ვახო ბიჭიკაშვილმა დავურეკეთ, მივულოცეთ. არ გვაქვს განცდა, რომ ერთმანეთი დავკარგეთ, უბრალოდ, ერთ სივრცეში არ ვართ", - აღნიშნა "სარკესთან" საუბრისას არაბიძემ.