რამდენიმე საათიც კი საკმარისია თბილისში, რომ იგრძნო ქართველი ხალხის კეთილგანწყობა, მოიხიბლო მისი ღირებულებებით, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით, - ამის შესახებ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა მის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რამდენიმე საათიც კი საკმარისია თბილისში, რომ იგრძნო ქართველი ხალხის კეთილგანწყობა, მოიხიბლო მისი ღირებულებებით, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით მსურს გადმოგცეთ პაპი ფრანცისკეს სალამი, რომელმაც საქართველოში ვიზიტისას განაცხადა - „თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში", - აღნიშნა პაროლინმა.
წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, კარდინალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ერთად, საოკუპაციო ხაზს ეწვია.