მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილზე: „გუშინ მეღიმებოდა, ყველა იმას ამბობდა მე გავათავისუფლე“

მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილზე: „გუშინ მეღიმებოდა, ყველა იმას ამბობდა მე გავათავისუფლე“

„მადლიერი ვარ საქართველოს ხელისუფლების, ვულოცავ მთავრობას, რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის, განსაკუთრებით ვულოცავ მოჭიდავეებს", - ამ სიტყვებით საკვირაო მსახურების შემდეგ ქადაგება ბოდბელმა ეპისკოპოსმა დაიწყო.

მეუფე იაკობმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის მადლობა ამერიკას, ევროპას და ყველამ იმ ადამიანს გადაუხადა, რომელიც მისი უკანონო ტყვეობიდან დახსნისთვის იბრძოდა.

ქადაგების დროს მეუფემ ოსების გადაწყვეტილებას ღირსეული საქციელი უწოდა. მისივე თქმით, მიუღებელია ცალკეული პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ ქართველი ექიმის გათავისუფლება მათი დამსახურებაა, რადგან ეს არის ყველას გამარჯვება.

„გუშინ მეღიმებოდა, ყველა იმას ამბობდა მე გავათავისუფლე, მე გავათავისიფლეო. მთელმა საქართველომ გაათავისუფლა, მთელმა მსოფლიომ გაათავისუფლა. ევროპა, ამერიკა და აზიის ქვეყნები ჩვენთან იყვნენ. წინა ქადაგებაზე ვთქვი, და მოვუწოდე, რომ მე გამიხარდებოდა, ოსმებმა ვაჟა რომ გაუშვან-მეთქი, მოვუწოდეთ და ჩვენი შეისმინეს. მე მეგობარი არ მიმიტოვებია და ისედაც გამოვიხსნიდით, მთელმა ერმა გამოიხსნა და ნურავინ ნუ დაიბრალებს.

ჩვენ მოჭიდავეებს განსაკუთრებული მადლობა და ოს მოჭიდავეებს, იცის ახლა ვისზეც ვამბობ, თვითონ ბიბილოვმაც იცის, ვისზეც ვამბობ, მე ყველაფრის თქმა არ შემიძლია მიკროფონებთან. პირველად ვაჟას მისი კოლეგა დაუდგა მხარში. ისიც ვიცოდი, როდის გამოუშვებდნენ.

არეული დროა თორემ, როგორ შეუძლია ვიღაცას თუ თავში გაუელვებს, სპეციალურად გადასულიყო და რამე სპეციალურად მოეწყო. როდესაც ოსების გადასაწყვეტი გახდა ვაჟა გამოეშვათ თუ არა, ეს ღირსეული საქციელი უნდა აღვნიშნოთ, აღარ შეუშალეს რუსებმა ხელი და ოსებმა გამოუშვეს. გაუფრთხილდეთ ერთად საქართველოს", - თქვა მეუფე იაკობმა.

ოკუპანტების მიერ 9 ნომებერს დაკავებული ექიმი გუშინ გაათავისუფლეს.