დე ფაქტო რეჟიმის მიერ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ამერიკის საელჩო ეხმაურება. ამასთან, დიპლომატიური წარმომადგენლობა დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება.
„მივესალმებით ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ვუერთდებით ყოველი ქართველისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შინ დაბრუნდა და დღესასწაულებს ოჯახთან ერთად გაატარებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე გადასასვლელი პუნქტები და დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. ამერიკის შეერთებული შტატები ინარჩუნებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ ერთგულებას“. - წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.