The HBO/Sky-ის მიერ დოკუმენტურ ფაქტებზე გადაღებულმა სერიალმა დიდი აღიარება მოიპოვა. „ჩერნობილმა“ Emmy-ს სამი პრესტიჟული ჯილდო მოიგო და სხვა კინოფესტივალების გამარჯვებულიც გახდა. სერიალი 1986 წლის ბირთვულ კატასტროფაზე მოგვითხრობს, რომელიც უკრაინაში, კერძოდ ჩერნობილში მოხდა.
სერიალში ნაჩვენებია უკრაინელი მეხანძრის, ვასილი იგნატენკოს ისტორიაც, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან 14 დღეში გარდაიცვალა. „ჩერნობილის“ ერთ-ერთ ცენტრალურ პერსონაჟი კი ვასილის მეუღლე - ლუდმილა იგნატენკოა, რომელიც ამბობს, რომ მისი ოჯახის ისტორია კინოკომპანიამ ნებართვის გარეშე გამოიყენა.
ლუდმილა იგნატენკოს ემოციური ინტერვიუ BBC-მ გამოაქვეყნა. ის ცდილობს წლების წინ მომხდარი ტრაგედიის დავიწყებას. ინტერვიუში იგნატენკო ყვება, რომ მას დაურეკეს და ფულიც შესთავაზეს.
„ვფიქრობ, კინოკომპანია ძალიან ცუდად მოიქცა. არც კი შემხვდნენ. 3000 დოლარი შემომთავაზეს, როცა სერიალი უკვე გადაღებული იყო. უკაცრავად, რისთვის? - ვკითხე მათ. უბრალოდ იმიტომ, რომ გადარჩითო. ვუთხარი, ფულს არავინ იხდის არაფერშითქო და დავუკიდე ყურმილი“, - ყვება ლუდმილა იგნატენკო.
კითხვაზე, რატომ შევიდა რადიაციული დასხივების ქვეშ მყოფი მეუღლის პალატაში მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმედ იყო, ლუდმილა ჰყვება, რომ მაშინ მას არ ჰქონდა გააზრებული რას ნიშნავდა რადიაცია და ეკოლოგიური კატასტროფა, ამიტომ ქმართან ყოფნის სურვილი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე რადიაციის შიში.
მისი ინტერვიუ სრულად შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე - The 'real' Lyudmila from Chernobyl speaks for first time