"27 დეკემბრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო შემდეგი დღეებიდან ამინდი იცვლება",-ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.
სინოპტიკოსის პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 26 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნებული იქნება, თბილი და უნალექო ამინდები, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
"ჰაერის ტემპერატურა 19-22 გრადუსი შენარჩუნდება, შესაბამისად ღამის ტემპერატურაც 9-დან 12 გრადუსს შორის მერყეობს.მთიან რაიონებშიც მაქსიმალური ტემპერატურა 16-18 გრადუსია და მაღალმთიანეთში 13-15 გრადუსი", - განაცხადა გვაზავამ.
მისივე თქმით, 27 დეკემბრიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება დასავლეთ საქართველოში.
"ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, იწვიმებს და მაღალმთაში მოთოვს. გამორიცხული არ არის 28-29 დეკემბერს მთიან რაიონში თოვა დაიწყოს. აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, თუ არ ჩავლით, ჩრდილო- მთიან რაიონებში მცირე თოვას. 24-25 დეკემბერს, ბარში თბილისში, კახეთში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 26 დეკემბერს. 27 დეკემბრიდან სიცივე, რომელიც დასავლეთ საქართველოში შემოდის აღმოსავლეთ საქართველოს ტემპერატურაზე იმოქმედებს. ზოგან მოსალოდნელია ნალექი, ღამის საათებში მთაში მოთოვს და დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. დედაქალაქში შესაძლებელია მცირე ნალექი იყოს წვიმის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, მაქსიმალური ტემპერატურა 28-29 დეკემბერს არის ნავარაუდევი 8-დან 10 გრადუსამდე, ღამე კი1-3 გრადუსი", - დასძინა სინოპტიკოსმა.