დასავლეთის ყველა ქვეყანა მოგვიწოდებს, რომ რუსეთს ოკუპანტი არ ვეძახოთ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ერეკლე კუხიანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კუხიანიძემ ასევე თქვა, რომ არ შეიძლება რუსეთს ყოველთვის ოკუპანტი ვეძახოთ და ვლანძღოთ.
„არ შეიძლება ყოველთვის რუსეთს ვლანძღავდეთ, ოკუპანტს ვეძახდეთ. რუსეთი უნდა დაჯდეს ჩვენთან სალაპარაკოდ. მუდმივად ასეთი სიტყვების ძახება კი ხელს უშლის იმას, რომ შედგეს ასეთი შეხვედრები. ამას ჩვენი დასავლეთის ქვეყნები გვეუბნებიან და არცერთი სიტყვით არ ვცდები მათ მოთხოვნას. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ქართველები ერთმანეთს დარევიან, მაგრამ დროის შემდეგ რაღაცები ლაგდება. მუდმივად ამ რეჟიმში ვიყოთ? უნდა ვაგინოთ, ვაფურთხოთ იმ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე ძლიერია? რომ არა ჩვენი მეგობარი ქვეყნები აქ ყველაფერი სხვანაირად დალაგდებოდა. გვეუბნებიან ევროპული ქვეყნები, რომ არ დავუძახოთ ასე. ისინი ამბობენ, რომ ამას ეუბნებიან ასე, მაგრამ ჩვენ გვთხოვენ, რომ ასე არ ვთქვათ“ - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.
კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა ოფიციალურად 18 დეკემბერს დაატოვებინა.
20 დეკემბერს, ასევე, თბილისის საკრებულომ, კენჭისყრის შედეგად, დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინა.
16 დეკემბერს ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო ბოდიში მოიხადა. მანამდე მან Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტი ემოციურ მდგომარეობას დაუკავშირა.
17 დეკემბერს, უმრავლესობის წევრ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიჭრნენ და კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეები კუხიანიძის გადადგომას მოითხოვდნენ. მათ კაბინეტში გააკრეს სტიკერები, წარწერით „შეცვალე“ და „ვაჟა ექიმი გმირია“. პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა.