მე დავინახე ვაჟა... - რას ჰყვება ადვოკატი ექიმზე, რომელიც ცხინვალში ჩავიდა

მე დავინახე ვაჟა... - რას ჰყვება ადვოკატი ექიმზე, რომელიც ცხინვალში ჩავიდა

ადვოკატი ბადრი მანჯავიძე, რომელიც ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესზე ჩავიდა იხსენებს, როგორ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი და რას ეუბნებოდნენ გარეთ მყოფ ადვოკატს პროცესიდან გამოსული ბადრაგები.

მისი თქმით, ცხინვალში წასვლის გადაწყვეტილება ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მიიღო. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, პროცესიდან გამოსული ბადრაგები მას ეუბნებოდნენ, რომ ექიმი კარგად არის.

„მე მქონდა საუბარი ბადრაგთან, რომლებიც პერიოდულად გამოდიოდნენ. ყველას უკვირდა, თუ არ ვიყავი ახლობელი და ნათესავი, რატომ ჩავედი. ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მეუბნებოდნენ, უნდა გაიგოს ყველამ, რომ სხვა ქვეყანაა ეს და სხვა კანონებიაო. სხვათა შორის მე დავინახე ვაჟა, როდესაც გადმოიყვანეს. წვერი ჰქონდა მოშვებული და შავი ქურთუკი ეცვა.  ორი განსაკუთრებული აღნაგობის ბადრაგი ედგა გვერდით“,- იხსენებს ადვოკატი.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს,  პროცესი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

„10 საათზე მივედი სასამართლოს შენობაში, ჯერ შემიშვეს, შემდეგ მითხრეს, რომ გავსულიყავი შენობიდან, რადგან პროცესი დახურული იყო და აღარ შემიშვებდნენ. სასამართლო ნახევარ საათს გაგრძელდა და შემდეგ მოსამართლე 3 საათი სათათბირო დარბაზში იყო გასული.

ადვოკატმა მითხრა, მე უძლური ვარო, იმეორებს, რომ აქ არის საოკუპაციო რეჟიმი და მე საქართველოს ტერიტორიაზე ვარ, არაფერი დამირღვევიაო.  ისიც მითხრა ადვოკატმა, აქ სამართლის პოვნა როგორ წარმოგიდგენიაო, ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ იქ მართლაც არ არსებობს სამართალი“,- აღნიშნავს ადვოკატი.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ადვოკატის მეშვეობით, თუ ამას თავად ვაჟა გაფრინდაშვილი მოინდომებს.