ჩიტაძე აშშ-ის ახალი ელჩზე: საქართველოს ხელისუფლება, სადღაც 80%-ით, ამ ელჩზე აგრემანს გასცემს

ჩიტაძე აშშ-ის ახალი ელჩზე: საქართველოს ხელისუფლება, სადღაც 80%-ით, ამ ელჩზე აგრემანს გასცემს

„იმ შემთხვევაში, თუ ელჩზე აგრემანი არ გაიცა, შესაძლებელია, რომ ამერიკამ უკვე გადახედოს ივანიშვილის ანგარიშებს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს," - აცხადებს საერთაშორისო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საქართველოში აშშ-ის ელჩად კელი დეგნანის დანიშვნაზე საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საქართველოში ელჩი წელიწადზე მეტია არ ჰყავს. ამის მიზეზად თავად აშშ-ში საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ასახელებენ, რომელმაც თავის დროზე საქართველოს ელჩად დანიშნულ ბრიჯიტ ბრინკსზე აგრემანი (თანხმობა) არ გასცა.

ჩიტაძის ვარაუდით, ამჯერად საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ელჩის დანიშვნაზე თანხმობას გასცემს.

„დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის კონვენციის მიხედვით, მასპინძელ ქვეყანას ამ შემთხვევაში უფლება აქვს, რომ დანიშნულ ელჩზე ე.წ. აგრემანი არ გასცეს, მაგრამ მეეჭვება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში არ გასცეს აგრემანი.

„წინა შემთხვევაში თითქოს რაღაც ეჭვები იყო, რომ ქალბატონ ბრინკსს წინა ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ბრინკსი საქართველოში ყოველთვის მოღვაწეობდა, იყო პოლიტიკური ოფიცერი, უბრალოდ, წინა ხელისუფლების დროს აშშ-ის საელჩოში მუშაობდა.

„თუმცა, ამ შემთხვევაში მე პირიქით მგონია, დღევანდელი ხელისუფლება არანაირად არ შეეცდება, რომ ისედაც დაძაბოს ურთიერთობა იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილს დასავლეთში, მათ შორის აშშ-ში ანგარიშები აქვს. მგონია, რომ ამის გამო აგრემანის არგაცემაზე თავს შეიკავებს.

„არაფერი არაა გამორიცხული, მაგრამ დიდი ალბათობით, სადღაც 80%-ით, ელჩი თავის მოვალეობის შესრულებას შეუდგება,

„ის, რომ რაღაც პრიოდი საქართველოში აშშ-ს ელჩი არ ჰყავდა, ძალიან სამწუხაროა, რადგან, ერთის მხრივ, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მეორეს მხრივ კი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ელისაბედ რუდი ძალისხმევას არ აკლებს და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როდესაც ქვეყანაში უშუალოდ ელჩი გყავს დანიშნული, რომელიც რწმუნებათა სიგელს გადასცემს სახელმწიფოს მეთაურს, ეს სხვა პროცედურაა და ქვეყნებს შორის მაღალ ურთიერთობებზე უნდა მიუთითებდეს," - აცხადებს ჩიტაძე.

მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის ამ ელჩზეც არ გასცა თანხმობა, აშშ ივანიშვილის ანგარიშებს გადახედავს და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას უფრო მეტად გაამწვავებს.

„იმ შემთხვევაში, თუ ელჩზე აგრემანი არ გაიცა, შესაძლებელია ამერიკამ უკვე გადახედოს ივანიშვილის ანგარიშებს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდეს, თუმცა, იმედია, რომ ეს არ მოხდება, ამის ნაკლები შესაძლებლობაა.

„თუმცა, მე არ ვამბობ, რომ ელჩი 100%-ით შეუდგება მოვალეობის შესრულებას იმიტომ, რომ დღეს ამ ხელისუფლებისგან არაფერია გამორიცხული, რომელმაც პროპორციული არჩევნებზე საზოგადოების დიდი ნაწილის მოლოდინი მაჟორიტარებს შეაწმინდა", -აცხადებს ჩიტაძე.

შეგახსენებთ, რომ კელი დეგნანის კანდიდატურა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს სექტემბერში წარუდგინა. წელიწადზე მეტია, რაც აშშ-ის საქართველოში ელჩი არ ჰყავს და ელჩის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეთ რუდი ასრულებს.