საკრებულოდან გაგდებულმა კუხიანიძემ ახალგორში გადასვლა სცადა და ტყეში დაიკარგა

საკრებულოდან გაგდებულმა კუხიანიძემ ახალგორში გადასვლა სცადა და ტყეში დაიკარგა

საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხული ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოსთან ჩავიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გუშინ სცადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა უშედეგოდ: მისი მტკიცებით, ის ტყეში დაიკარგა და იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.

როგორც კუხიანიძე აცხადებს, მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა დღესაც სცადა, მაგრამ ამჯერად ამის უფლება სამართალდამაცველებმა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

„უნდა გადავსულიყავი იქ და ისეთ სიტყვებს ვიპოვიდი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ"- განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.

ამასთან, კუხიანიძემ ანატოლი ბიბილოვს რუსულად მიმართა. მისი თქმით, ექიმმა მათი კანონები დაარღვია, „თუმცა უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და გავათავისუფლოთ ეს ადამიანი".

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს.

გუშინ უმრავლესობის წევრ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიჭრნენ და კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეები კუხიანიძის გადადგომას მოითხოვეს. მათ კაბინეტში გააკრეს სტიკერები, წარწერით „შეცვალე“ და „ვაჟა ექიმი გმირია“. პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა.

16 დეკემბერს ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო ბოდიში მოიხადა. მანამდე მან Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტი ემოციურ მდგომარეობას დაუკავშირა.