სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით წერს:
“შვილებო, ცხოვრება მშვენიერი აღარ არის მხოლოდ ჩვენთვის – შვილმკვდარი მშობლებისთვის – ჩემთვის, ლუკას დედისთვის , სანდრიკას დედისთვის… რადგან ჩვენმა შვილებმა ცოცხლად დაგვხოცეს!.. როდესაც საკუთარ თავს არ უფრთხილდებით, ამით მხოლოდ თავს არ იკლავთ, ახლობლებსაც შეგნებულად აუბედურებთ და ამას უნდა აცნობიერებდეთ…
არადა, თქვენთვის, ცხოვრება ნამდვილად მშვენიერი და გადასარევია , ყველაფერი საუკეთესო წინ გაქვთ და სიცილით გაგახსენდებათ, რაც ახლა გადაუჭრელ პრობლემებად გეჩვენებათ!.. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
ნუ მოიკლავთ თავს, არ არსებობს ჩიხი, რომელსაც ვერ გაანგრევთ, ან ვერ გადაახტებით, ყველაფრიდან არსებობს გამოსასვლელი გზა. ამას გეუბნებით ახალგაზრდობაშიც ათას უბედურებაგამოვლილი ადამიანი, ვერც მეგობრების სიკვდილით გამაკვირვებთ, ვერც 5 საათიანი ჯვარედინი დაკითხვებით 16 წლის ასაკში , მარტო რომ ვეჯექი რამდენიმე გავეშებულ პროკურორს, ვერც მილიციასთან ურჩობით და ვერც ზოგიერთ უნამუსო ექიმთან ომით, რომ დაჭრილი მეგობრისთვის დროზე გაეკეთებინა ოპერაცია, ის კი მილიციას ელოდა, ვერავინ ვერანაირი უბედურებით ვერ გამაკვირვებს, რაც ვერ გადავლახეთ… რამდენიმე ომი გადავიტანეთ, შიმშილი, სიბნელე, დაგვარჩა უამრავი მეგობრის სასაფლაო, მე ვარ თაობა, რომელსაც სიკვდილზეც კი უცინია, იმდენად გაუფასურებული იყო და მაინც გეტყვით, რომ #ცხოვრებამშვენიერია!
წინ გელოდებათ ათასნაირი სიყვარულები და საინტერესო თავგადასავლებით აჭრელებული მომავალი, ბავშვობიდან და ახლაგაზრდობიდან კი, მხოლოდ სიხარული და სიყვარული დაგამახსოვრდებათ, მენდეთ… ნუ მოიკლავთ თავს, ცხოვრება გასაოცრად მშვენიერია იმისთვის, რომ ერთ წამში, უნახავად დაამთავროთ და მშობლებსაც დაუმთავროთ… ცოცხლად ნუ მოკლავთ… არ გაჩერდეთ , იმოძრავეთ, ბრძოლითაც იხალისეთ, იცოცხლეთ!.”- წერს მანჩო გიორგობიანი.