პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, მედიაში, ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის დაბრუნებას ეხმიანება.
“ქართულ მედიას დაბრუნებია გიორგი თარგამაძე, თავისი პროფესიონალური დიქციით, გამჭრიახობითა და ენამახვილობით. მისი მონოლოგები ბევრი თქვენგანის აღფრთოვანებას იწვევს და მონდომებით ავრცელებთ კიდეც ქართული ჟურნალისტიკის გურუს ვიდეო-პუბლიცისტიკას.
თავისი ერთ-ერთი მონოლოგი მან შეგონებით დაამთავრა, რომელიც ჩემთვის უცნობ ამერიკელ მწერალს სკოტ ფილისფს ეკუთვნის. შეგონების შინაარსი ასეთია – შენ მხარდასაჭერად ვერ ამოირჩევ თავისუფლების რომელიმე ფორმას. ან თავისუფლების ყველა ფორმის მხარდამჭერი ხარ, ან ყველა ფორმის მოწინააღმდეგე.
ბ-ნი გიორგი, ალბათ, თავისუფლების ყველა ფორმას ერთდროულად უჭერდა მხარს, როდესაც ასლან აბაშიძეს შვილივით შეაყვარა თავი და თავისი გამორჩეული პრონანსით ამართლებდა რუსეთის სამხედრო ბაზის წყალობით გაჯეჯილებული იბრაგიმოვიჩის სისასტიკეს.
ბ-ნი თარგამაძე, ალბათ, თავისუფლების ყველა ფორმას იცავდა მაშინ, როდესაც განადგურებული “იმედიდან” გადაინაცვლა სააკაშვილის ბანაკში და მისი სატელიტი, მონა პარტიის ლიდერი გახდა, რათა ავტორიტარისთვის დემოკრატიის ფასადზე მისხმული საღებავი გამხდარიყო. პატარკაციშვილიდან მიშამდე ლამის ერთ თვეში გაირბინა, თან “იმედის” დარბევის შემდეგ…
თავისუფლების ყველა ფორმის მხარდაჭერის გამოვლინება იყო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ნინო ბურჯანაძისთვის გადაფორმებაც.
ალბათ, თავისუფლების ყველა ფორმის ერთგულებაა ის, როდესაც დავით კეზერაშვილის ტელევიზიის გამწევი ძალა ხარ. დათო კეზერაშვილი, ალბათ, იცით – პოლიტიკაში მოვიდა ღატაკი და აგვისტოს ომის შემდეგ თავდაცვის მულტიმილიონერი ექს-მინისტრი გახდა.
სიმართლის თქმა კარგია, მაგრამ უკეთესია, როდესაც ჭეშმარიტებას პატიოსანი ადამიანი ამბობს და არა აყროლებული პოლიტიკური გვამი.– წერს ლევან ლორთქიფანიძე.