ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: „მე არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ, მსგავსი სიტყვები არასდროს წარმომითქვამს, პირიქით…”

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: „მე არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ, მსგავსი სიტყვები არასდროს წარმომითქვამს, პირიქით…”

თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, 20 დეკემბერს ჩანიშნულ ე.წ. სასამართლო სხდომაზე მის მეუღლეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ.

„ამჯერად, ყველა ველოდებით პარასკევს, რადგან სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასიკეთოდ გადაწყდება ეს ყველაფერი და საბოლოოდ ვაჟა გათავისუფლდება“ ,- განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თამილა ლაფანაშვილმა.

ამასთან, ლაფანაშვილის თქმით, პირადად პრემიერ გიორგი გახარიას არ შეხვედრია, თუმცა მისი  აპარატიდან შეეხმიანენ.

ლაფანაშვილის ინფორმაციით, ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ლაფანაშვილი ამბობს, რომ მიეწოდა ინფორმაცია, თუ რას აკეთებს სახელმწიფო და სხვადასხვა ორგანოები ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

„შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან. პირადად მე მას არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შედიან ზურაბ აბაშიძე, ქეთევან ციხელაშვილი, ლაშა დარსალია და ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გამიზიარეს იმათმაც, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტრო და ორგანო. მეც გავუზიარე ის, თუ რას ვაპირებთ ოჯახი. ძალიან სასიამოვნოა, რომ უბრალოდ ჭკუის დამრიგებელი მაინც გვეყოლება“, – განაცხადა ლაფანაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში პირველივე დღიდან არის ჩართული, თუმცა შედეგის მისაღებად სხვადასხვა ბერკეტი უნდა ამოქმედდეს.

„მე არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ. მსგავსი სიტყვები არასდროს წარმომითქვამს. პირიქით, პირველივე დღიდან არიან ჩართულები. აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი. შედეგი ეს არის ვაჟას გათავისუფლება. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ბერკეტი უნდა ჩაირთოს, რაც აქამდე არ ყოფილა და ყველა მხარში მიდგას“, – განაცხადა ლაფანაშვილმა.

„სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობამ რადგან შედეგი არ მოგვცა, საჭიროა აუცილებელად უწყებითაშორისი საბჭოს შექმნა“, – ამის შესახებ ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა 13 დეკემბერს, ექიმის პატიმრობაში დატოვების შემდეგ განაცხადა. 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.