ორი სიტყვით ბატონი ერეკლე კუხიანიძის განცხადების შესახებ წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი
ეს ის შემთხვევაა, როდესაც სხვადასხვა მიზეზთა გამო არ მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია სხვის მიერ გაკეთებულ განცხადებასა თუ საქციელზე; მე ვერ განვსჯი ბატონი ერეკლეს განცხადების პათოსს და მე სრული უფლება მაქვს ამისა.
ამავე დროს ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას, რომ ზრდასრული ადამიანები თვითონ, პირადად აგებენ პასუხს საკუთარ განცხადებასა, საქციელსა თუ მოქმედებაზე; აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ერეკლე კუხიანიძე პირად პასუხისმგებლობას არ გაექცევა და ალბათ, დაიცავს საკუთარ თავსაც და მოქალაქეობრივ პოზიციასაც.
აქვე უნდა განვაცხადო, რომ კატეგორიეულად ვეწინააღმდეგები ნებისმიერი ფორმით ადამიანის მიმართ ძალადობას, გამოხატულს ვერბალური ბულინგით, ფიზიკური დაპირისპირებით თუ სხვადასხვა ფორმით მის დევნას; მით უმეტეს, რომ ძალადობის ამ ჩამოთვლილ თვითეულ სახეობას გააჩნია კონკრეტული იურიდიული განმარტება, და საქართველოში დღეს მოქმედ სისხლის სამართლის და სამოქალაქო კოდექსებში მიყენებული აქვს კონკრეტული მუხლები კონკრეტული სასჯელების გათვალისწინებით.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვემიჯნები ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრ ბატონ ერეკლე კუხიანიძის მიმართ ბოლო დროს აგორებულ ძალადობისა და ბულინგის კარგად ორგანიზებულ( იყოს ორკესტრირებულიც!:)) კამპანიას და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ დაიცვან ის და მისი ოჯახი ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფისგან.
თუკი ვინმეს რაიმე სახის პრეტენზია გააჩნია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის არჩეული წევრის მიმართ, მოვუწოდებ ყველა მათგანს მიმართონ ამ პრეტენზიით შესაბამის სამართლებრივ გზას და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი პასუხისმგებლობის დადგომის მოთხოვნით.
ის, რასაც სხვადასხვა პოლიტიკურად თუ პერსონალურად ანგაჟირებული ზოგიერთი მარგინალი პერსონა მოუწოდებს საზოგადოებას და ზოგჯერ თვითონვე აკეთებს ბატონი ერეკლე კუხიანიძის მიმართ, არის გამოვლინება მათი ულტრარადიკალიზმის, მათგან განსხვავებული აზრის მიუღებლობის, განსხვავებული აზრის გამოხატვის შეზღუდვისა და ამ შეზღუდვით ადამიანის თავისუფლებისა და მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, მაშინ როდესაც ამ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად დღეს საქართველოში კეთდება თითქმის ყველაფერი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის არჩევითი თუ აღმასრულებელი ორგანოების შეუფერხებელი მუშაობა და ამავე დროს და კონტექსტში უზრუნველყონ მოქალაქე ამომრჩეველთა მიერ არჩეული საკრებულოს წევრის ბატონი ერეკლე კუხიანიძის უსაფრთხოება.
იმ პირებს, ვინც მაინც აპირებს ზეწოლის და ბულინგის გაგრძელებას კონკრეტული პირის მიმართ, მოვუწოდებ შეწყვიტონ ადამიანის უფლებათა შელახვა და მის მიმართ დამოკიდებულება გამოხატონ მომავალ არჩევნებზე საარჩევნო ყუთთან ( თუკი ბატონი ერეკლე კუხიანიძე დააპირებს მასში მონაწილეობას).
სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება თუ გვინდა - ესაა ერთადერთი გზა !
თუ გსურთ ბოლშევიკურ, ტოტალიტარულ სახელმწიფოში არსებობა - მაშინ ეგაა თქვენი - დარბევების, პიკეტების, ბულინგის და ადამიანის შეურაცხყოფის - გზა!!
საკუთარ გზას ყველა თვითონ ირჩევს.
ხელები შორს ერეკლე კუხიანიძისგან!!!