ძაბირაძე: “ხელისუფლებას ერთი ნაბიჯითაც უკან დახევა არ უნდა, იმიტომ შემოდის ახალი თემა პლებისციტზე“

ძაბირაძე: “ხელისუფლებას ერთი ნაბიჯითაც უკან დახევა არ უნდა, იმიტომ შემოდის ახალი თემა პლებისციტზე“

„მე არ ვარ წინააღმდეგი, ძალიან კარგი იქნება თუ პლებისციტი ჩატარდება, მაგრამ დადებითი პასუხის შემთხვევაში პარლამენტმა უარი რომ თქვას, მაშინ რას ვშვრებით?" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარების იდეას, რომელიც ჯერ უმრავლესობის ყოფლმა დეპუტატმა აკაკი ზოიძემ გააჟღერა, ხოლო შემდეგ პრემიერმინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.

"მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი წინადადება თქვა (ზოიძემ) და კარგი იქნება ამ გზით წასვლა. ხალხს ვკითხოთ და ხალხი რასაც იტყვის, ის გავაკეთოთ და ჩავწეროთ კონსტიტუციაში", - განაცხადა „იმედის" ეთერში სოზარ სუბარმა.

ძაბირაძე ამბობს, რომ არსებული კანონმდებლობით მხოლოდ პლებისციტის ჩატარებაა შესაძლებელი.

„არსებული კანონმდებლობით რეფერენდუმის ჩატარება შეუძლებელია, ეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვერ ჩატარდება, ამიტომ ლაპარაკია პლებისციტზე.

„პლებისციტი სარეკომენდაციოა, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პლებისციტისას კითხვა ზუსტად დაისვას, ფორმულირება როგორი იქნება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ისმის კითხვა, თუ პლებისციტი ჩატარდება, მის შემდეგ დროში ეტევა ყველაფერი? და თუ პარლამენტი მაინც არ დასთანხმდება, მაშინ ამას რა აზრი აქვს? ანუ, როდესაც ასე ისვრიან იდეებს, მითუმეტეს ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინ ეს ყველაფერი უნდა გათვალონ.

„მე არ ვარ წინააღმდეგი, ძალიან კარგი იქნება თუ პლებისციტი ჩატარდება, მაგრამ დადებითი პასუხის შემთხვევაში პარლამენტმა უარი რომ თქვას, მაშინ რას ვშვრებით, თუ პარლამენტი დათანხმდა, რომ კარგიაო, საკითხავია - ესწრება თუ არა ეს დროში, იმიტომ, რომ არჩევნები კარს მოდგა და ამ პლებისციტის ჩატარებასაც ხომ დრო და მომზადება უნდა.

„ხელისუფლების მხრიდან ლაპარაკი პლებისციტზე და რეფერენდუმზე, მგონია რომ ეს პიარის ნაწილია, ვიდრე რეალური ნაბიჯის გადადგმა, ან რეალურად იმის ძებნა, თუ როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხური მდგომარეობიდან, ეს უფრო პიარია, ამიტომ, რა თქმა უნდა ოპოზიციამ შეხვედრები უნდა გააგრძელოს.

„თუ პლებისციტით გადაწყდება, რომ ვთქვათ არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, დავუშვათ, ხუნდაძე და ე.წ. ამბოხებული დეპუტატები თანახმანი არიან თუ არა, რომ ამ კენჭისყრას მხარი დაუჭირონ? ამიტომ აქ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი და თუ გაირკვევა, პლებისციტის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ" - აცხადებს იგი.

მისივე თქმით, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების თხოვნით ხელისუფლება იძულებულია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

„ხელისუფლება იძულებულია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, რადგან ამას ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები ითხოვენ, მაგრამ იმისთვის კი არა, რომ კომპრომისს, ან რაიმე შედეგს მიაღწიონ, იმისთვის დასხდნენ, რომ ყველაფერზე უარი თქვან, ამიტომ, ყველაზე მაქსიმუმი რაც შეიძლება იყოს - მრავალმანდატიანი ოლქებია, თუმცა, ესეც ალბათ არ გამოვა, ყოველ შემთხვევაში იბრძოლებენ იმისთვის, რომ არ გამოვიდეს.

„რეალობა ესაა, რომ ხელისუფლებას ერთი ნაბიჯითაც უკან დახევა არ უნდა, იმიტომ შემოდის ახალი თემა პლებისციტზე" - განაცხადა ძაბირაძემ.

სოციალისტი ბატონო ვახტანგ
1. რატომ ხართ პლებისციტის წინააღმდეგი?!
2.ვის წინაშე უნდა დაიხიოს უკან ხელისუფლებამ და რატომ?!
5 წლის უკან
არაგველი641 რატომ უნდა დაიხიოს უკან ხელისუფლებამ ნაცბოზბანდის წინაშე? ერთხელ რომ დაიხია და კოჰაბიტაცია გამოაცხადა, ვნახეთ რაც მივიღეთ!
5 წლის უკან