"მთელი ცხრა წელი ჩვენთვის არც ტელევიზია იყო, არც კონცერტები" - როგორ დაისაჯა პოლიტიკური შეხედულებების გამო ზურა მანჯავიძე

48 წლის მომღერლის, ზურა მანჯავიძის ცხოვრება არ ყოფილა მარტივად გასავლელი. თუმცა, ამას თავად არ იმჩნევს და ყველა მოვლენასა თუ ნეგატიურ ფაქტს ღიმილით იხსენებს.

მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იყო დაშინება, მოქრთამვისა და დაშანტაჟების მცდელობა, თავდასხმაც კი სცადეს. ხოლო, რის სანაცვლოდ სთავაზობდნენ მას ბინას, სამსახურსა და მანქანას, როგორ გადაურჩა ის თავდასხმას მთაწმინდაზე და რატომ უწევდა წელიწადში რამდენჯერმე ტრავმატოლოგიურში ვიზიტი, ამის შესახებ "თბილისელებთან" ისაუბრა.

"ოროთახიან "ხრუშოვკაში" მშობლები და შვიდი დედმამიშვილი ვცხოვრობდით. სულ ვხუმრობ, სივიწროვეში გაზრდილი ბავშვი ვარ-მეთქი (იცინის), თუმცა მრავალშვილიან ოჯახში სიყვარულში ვიზრდებოდი. ასე გაზრდილი, უფრო მეტად მივეჩვიე ერთიანობას, ზრუნვას. სითბოს, სიყვარულის, საჭმლისა და ადგილის გაყოფას, გვერდით დგომას. დასაძინებლად რომ დავწვებოდით, უფროსი ძმები, მამა და დედა ჩაძინებამდე ათას საინტერესო ამბავს გვიყვებოდნენ"- ამბობს ზურა.

-სირთულეები თუ შეგქმნია ცხოვრებაში და სიმართლეა, რომ შენი პოლიტიკური შეხედულების გამო, "ნაციონალების" ერთგვარი მსხვერპლი იყავი და „შავ სიაშიც" მოხვდი?- ზუსტად ჩემი პრინციპულობისა და უსამართლობასთან შეუგუებლობის გამო შემექმნა პრობლემები. სიმართლე გითხრათ, ამის გახსენება აღარც მინდა. მახსოვს, „ფორტეს" გოგოებს შევხვდი და ვუთხარი, მე დროებით წავალ ქვეყნიდან, რომ თქვენ მაინც არ იყოთ დაბლოკილები-მეთქი. ფაქტობრივად, შემოქმედებითი წინსვლა დაგვებლოკა და კარი ყველგან „ამოგვეკეტა". მთელი ცხრა წელი ჩვენთვის არც ტელევიზია იყო, არც პრესა, არც რადიო, არც კონცერტები. უცხოეთში წასვლაც ვიფიქრე, მაგრამ ვერ გავრისკე, რომ ამ ასაკში ყველაფერი ნულიდან დამეწყო. ისევ მომავლის იმედმა გადამარჩინა. ასე რომ, ჩემმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა და ჩემმა სიმართლემ, ჩემს კარიერაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, მაგრამ ხალხის სიყვარული ვერ „დაბლოკა". „ფორტე" „შავ სიაშიც" იყო შეტანილი. კულტურის სამინისტროში, სეიფში იდო „შავი სიები" და იქ იყო ჩამოწერილი მომღერლებისა და ჯგუფების სახელები, რომლებიც არცერთ ღონისძიებაში არ უნდა ყოფილიყვნენ. სხვათა შორის, ომის შემდგომ, შერიგების მიზნით, რამდენიმე კონცერტზე უნდოდათ ჩვენი „შეტყუება", მაგრამ, რომ მივხვდით, რისთვისაც იყო გამიზნული, თავად ვთქვით უარი.- თავად, პრეზიდენტ სააკაშვილს თუ იცნობდი?- ძალიან კარგ ურთიერთობაში ვიყავი თავიდან და თითქმის, ყველა პრეზიდენტი, ვინც ჩვენთან ჩამოდიოდა - კაჩინსკიდან დაწყებული, ნაზარბაევითა და იუშენკოთი დამთავრებული, კონცერტებით დაწყებული, ბანკეტებით დამთავრებული, სულ მის გვერიდით ვიყავით, ვიწრო წრეშიც კი. აი, ბუში რომ ჩამოვიდა, კონცერტზე ვიმღერეთ, მაგრამ ვახტანგური აღარ დაგვილევია (იცინის).- მართალია, რომ ხელისუფლებამ შენი "მოქრთამვაც" სცადა, შანტაჟებიც მოგიწყო და შიკრიკებსაც ხშირად გიგზავნიდა? სანაცვლოდ რას ითხოვდნენ?- დიახ, ძალიან ხშირად. იყო შემოთავაზებები სამსახურიდან დაწყებული, ბინითა და მანქანის ჩუქებით დამთავრებული და ამის სანაცვლოდ ჩემს გაჩუმებას ითხოვდნენ. ნუ გვაგინებს და ყველაფერში ხელს შევუწყობთო. მეც შევუთვალე: ნუ გააკეთებთ იმ საშინელებებს, რასაც სჩადიხართ და გარანტიას გაძლევთ, არ გაგინებთ-მეთქი. საზოგადოებაში ბილწსიტყვაობით არასოდეს გამოვირჩევი, მაგრამ ისე გამაგიჟეს, ვაგინებდი.- ესე იგი, შენი მოქრთამვა ვერ შეძლეს?- იცით, რაშია საქმე? შეიძლება, იმდენს არ მთავაზობდნენ, „მოკეტვად" რომ მიღირდა (იცინის). თავდასხმაც კი მოხდა ჩემზე - ამაზეც წავიდნენ. მთლად სასიკვდილოდ ვერ გამიმეტებდნენ, მაგრამ მანქანიდან რომ გადმოვეყვანეთ, სერიოზული ტრავმა არ ამცდებოდა. ორი მანქანა აგვეკიდა და გამიმართლა, რომ დასახლებული ადგილი იყო, მთაწმინდაზე, ჩემი ძმებიც მანქანაში ისხდნენ და მოსახლეობაც გამოგვექომაგა.