თბილისის საკრებულოს წევრი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძე ამბობს, რომ მისი მისამართით გამოხატული კრიტიკის ნიაღვარი ბავშვის ღუღუნია იმასთან შედარებით, რაც მან განაცხადა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახზე:
“ჩემს წინააღმდეგ წამოსული იყო იმისთანა სიბილწე, რომ ჩემი ნათქვამი იმასთან შედარებით იყო ბავშვის ღუღუნი. ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი პათოლოგიური ნიაღვარი ზიზღის, გინების“, - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ ტელეკომპანია „პირველთან“ სატელეფონო ჩართვისას.
როგორც მან ტელეკომპანიის ეთერში აღნიშნა, ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მისი სალანძღავი პოსტი პასუხი იყო ოჯახის მიერ სახელმწიფოს მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე:
„მე მის შეფასებაში არ შევსულვარ. ჩემი გულისწყრომა და ეს რეაქცია გამოიწვია იმან, რომ როდესაც იმ ფონზე რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა ამ შემთხვევაში მთავრობას ვგულისხმობ, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ადამიანი გამოეხსნა ამ ხლართებიდან, ოჯახი გადავიდა ძალიან მძიმე შეტევაზე. ახლა ვიღაცისთვის ეს შეიძლება არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მე როგორც ამ სიტუაციებში კარგად ჩახედულს, ძალიან კარგად ვხედავ რას ნიშნავს ეს დარტყმა ოცნებაზე, რომელიც ისედაც დასუსტებულია. რომელიც განიცდის მუდმივ შეტევებს“, - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.
მან არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვებს, აპირებს თუ არა დატოვოს თბილისის საკრებულოს მანდატი და ბოდიში მოუხადოს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს. საკრებულოს წევრმა განაცხადა, რომ დღეს საღამოს „სერიოზულ გადაცემაში“ მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოებას თავის პოზიციას იქ გააცნობს.
დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის საკრებულოსთან საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადაყენებისა და საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკრებულოს უმრავლესობა მის საკითხზე კონსულტაციებს 17 დეკემბერს გამართავს.
თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი 13 დეკემბერს გაავრცელა და მათ „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.