ექსპერტი გია ხუხაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„აქ მთავარი საკითხი არ არის, ბოკერია დამნაშავეა თუ არა. დიდ სურათს რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ ხელისუფალი ცდილობს, ქვეყანა მართოს კომპრომატით. ანუ, აღძრას საქმე, ჩაკეტოს სეიფში და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაააქტიუროს კომპრომატი, თუ ესა თუ ის ადამიანი მას შეუქმნის პრობლემას. თუ პიროვნება კომპრომატით მართვადია, მაშინ ის არა თუ ხელშეუხებელია, არამედ კარიერის გაკეთების კარგი შანსებიც უჩნდება. ხელისუფალი უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როდესაც კომპრომეტირებული ადამიანებით არის გარშემორტყმული. ამ შემთხვევაში მას აქვს სისტემასთან მორალური უპირატესობა და მართვის “ეფექტური” ინსტრუმენტი.
დასკვნა თქვენ გააკეთეთ - რა დევს იმ სეიფში „ქართული ოცნების“ ელიტაზე და ოპოზიციის მოზრდილ ნაწილზე და შეუძლია თუ არა დიდწილად კომპრომეტირებულ პოლიტიკას რაიმე სასარგებლო შექმნას ქვეყნისთვის“,... წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დღეს პროკურატურაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებითაა დაბარებული.