გია ვოლსკი ექიმის პატიმრობაზე: „ამის წინაპირობები შექმნა

გია ვოლსკი ექიმის პატიმრობაზე: „ამის წინაპირობები შექმნა "ნაცმოძრაობის" დანაშაულებრივმა შეცდომებმა“ 

"ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი შეცდომების შედეგები ყოველდღიურად გვახსენებს თავს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაში ყოფნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ექიმის დაკავება საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებაა, რომლის წინაპირობაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა.

"ეს არის საოკუპაციო სისტემის, რეჟიმის გადაწყვეტილება, რომლის წინაპირობები შექმნა "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივმა შეცდომებმა თავის დროზე. სამწუხაროდ, ამ ე.წ. შეცდომის შედეგები ყოველდღიურად გვახსენებს თავს ხან გატაცებებით, ხან მავთულხლართებით, მაგრამ რეალურად ვფიქრობ, საერთაშორისო ძალისხმევა ოფიციალურ დონეზე, მათ შორის, არაოფიციალურ საზოგადოებრივ დონეზეც გარკვეულ შედეგს გამოიღებს და საბოლოოდ საკითხი გადაწყდება და დაბრუნდება თავის ოჯახში ბატონი ვაჟა.

ამასთანავე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთი ადამიანები, როგორიც ბატონი ვაჟაა, საქართველოს ისტორიას ახსოვს და მან თავისი ქმედებით, ნაბიჯით მთელ მსოფლიოს შეახსენა, დამატებით ინფორმაცია მიაწოდა, რა ხდება საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.