რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ თბილისში თავის მეგობრებთან სტუმრობაზე ოცნებობს, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამისგან თავს იკავებს. ამის შესახებ ზახაროვამ „სპუტნიკის“ მიერ ორგანიზებული მოსკოვი–თბილისი–კიშინიოვი–მინსკის ვიდეოხიდის მიმდინარეობისას განაცხადა.
ზახაროვამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჰყავს არაერთი თბილისელი მეგობარი, რომლებიც ხშირად ჩადიან მოსკოვში, თუმცა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ის თავს იკავებს თბილისში ჩამოსვლისგან.
„მთელი ჩემი ბავშვობა თბილისის სილამაზის შესახებ თქმულებებით იყო სავსე. ჩემი კოლეგები, ეთნიკურად ქართველები, თბილისში დადიან და მათგან გავიგე, რომ იქ ბევრი რამ შეცვლილა ბოლო წლებში. მე ამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან არ მინდა პასუხისმგებლობა ავიღო იმაზე, რომ ჩემი ვიზიტი შესაძლოა შემდეგი პროვოკაციის საბაბი გახდეს“, - განაცხადა ზახაროვამ.