"ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის განცხადებებზე ოპოზიცია მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ისინი მოითხოვენ, რომ დაუყონებლივ შეუჩერდეს კუხიანიძეს საკრებულოს მანდატი და გაირიცხოს პარტიიდან. "სანამ "ქართული ოცნება" ღიად და მკაფიოდ არ გაემიჯნება ამ პოსტებს, სანამ ეს ადამიანი თანმადებობაზეა, მანამდე ეს არ არის ერთი ზნეობრივად დეგრადირებული ადამიანის გამონათქვამები, ეს არის ქართული ოცნების პოზიცია," – აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
"იმის ნაცლად რომ ხელებდაკაპიწებული მუშაობდეს ხელისუფლება, ეს ადამიანი დროულად დაბრუნდეს ოჯახში, ახლა დაიწყეს შავი პიარის აგორება. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობს ამ ბინძურ პიარში, არ აქვს უფლება არამხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელი იყოს, არამედ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელი იყოს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, “ოცნების“ საკრებულოს დეპუტატმა შემდეგ სახის სტატუსი დაწერა: ჩვენი პარტნიორები განუწყვეტლივ მოგვიწოდებენ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა. მთავრობა ყველანაირად ცდილობს შეასრულოს ჩვენი მეგობრების რჩევა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს იგნორირება გაუკეთოს პარტნიორების რჩევებს, მიმაჩნია პროვოკატორად და ქვეყნის მტრად," - წერს "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატი.