პაატა ჩხეიძე:

პაატა ჩხეიძე: "ჰო, არ მომწონს, მაგრამ ეს ჩემი ქვეყნის პარლამეტის შენობაა! ამ შენობაში და ამ დარბაზში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა!"

საქართველოს მოქალაქის ფიქრები

ენთროპიული ვითარებაა ქართულ სახელმწიფოში ანუ რაღაცა დალპა! ვზივარ და ვფიქრობ:

- არ მომწონს საქრთველოს პარლამენტის შენობა, რუსთაველის გამზირზე!  რას ჰგავს, რა აქვს მოსაწონი, მაგრამ  განსაკუთრებით იმიტომ არ მომწონს, რომ . . . მაგ ადგილას რუსული ტაძარი იდგა - დაანგრიეს! მაგ ადგილას კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული ქართველი მეომრების საფლავები იყო - გადათხარეს! მაგ ადგილას დაიღვარა ქართველების სისხლი 1989 წლის 9 აპრილს! მაგ ადგილას კიდევ რამდენჯერმე დაიღვარა სისხლი. მოკლედ, ნავსიანი ადგილია! თვითონ შენობა დაანგრიეს 1991-92 წლის დეკემბერ-იანვრის პუტჩის დროს. სხდომათა დარბაზში ბომბი ჩააგდეს. იშვიათად, მაგრამ რომ შევდივარ, მძიმე გრძნობები აღმეძვრის. არ მომწონს პარლამენტის სხდომათა დარბაზის გაფორმება, არც სკამები მომწონს, სადაც ულაზათოდ წვანან ხოლმე შემთხვევითი დეპუტატები. დიდი ხანია შიგნით აღარ შევსულვარ და არც სურვილი მაქვს შესვლისა. ჰო, არ მომწონს, მაგრამ ეს ჩემი ქვეყნის პარლამეტის შენობაა! ამ შენობაში და ამ დარბაზში გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა! მოეწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას! ამიტომ პატივისცემით ვარ განწყობილი და არც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე წამოსკუპებული რუსი კომუნისტი მომწონს და ვერც დარბაზში, სხდომის ჩასაშლელად, მყრალი სითხის შეტანას და დაღვრას მოვიწონებ.

- არ მომწონს როცა საქართველოს პრეზიდენტი მოუმზადებლად ამბობს სიტყვას და უხერხულ, არასწორ ფრაზას წარმოთქვამს. მის სიტყვაზე საუკეთესო სტილისტები და რიტორები უნდა მუშაობდნენ. არ მომწონს, მაგრამ იგი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია და არც მე ავიგდებ აბუჩად და ვერც სხვას მოვუწონებ.

- არ მომწონს საქართველოს მთავრობისა თუ ხელისუფლების პოლიტიკა და მოქმედება, არ მომწონს  აბსტრაქტული დაპირებები უსწრაფესი გამდიდრებისა და მოწინავე ქვეყანად გადაქცევის შესახებ, იმის ნაცვლად, რომ ხალხს მოუწოდონ, ვიშრომოთ და ეგებ ფონს გავიდეთ, ჩვენ ცდას არ დავაკლებთ და თქვენც შრომაში დაგეხმარებითო. არ მომწონს, რომ სამართლიანობას არ აღადგენენ,  კონკრეტულ დანაპირებს არ ასრულებენ და თავის გამართლებას დემაგოგიით ცდილობენ. არ მომწონს რომ კანონი თავის სასარგებლოდ ესმით და გამუდმებით თავის დაძვრენას ცდილობენ, აგერ უკვე თითქმის ოცდაათი წელია. არ მომწონს რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვას არ აკრძალავენ, ერთხელ და სამუდამოდ. არ მომწონს საემიგრაციო პოლიტიკა. არ მომწონს რომ ქართლ ბიზნესსა და ნაწარმს ხელს არ უწყობენ და პრიორიტეტს არ ანიჭებენ.  არ მომწონს, მკაცრადაც გავაკრიტიკებ, მაგრამ მტრად არ მოვეკიდები და დამხობას არ დავუპირებ.

- არ მომწონს ჩვენი ჟურნალისტების სუბიექტივიზმი, ტენდენციურობა და აგრესიულობა, მაგრამ არც ისაა მოსაწონი, ჟურნალისტი ქალი ხელში ბავშვივით აიყვანო და, აკივლებული, დარბაზიდან  გაათრიო.

- არ მომწონს, რომ პარლამენტის წევრები ერთამანეთს არ უსმენენ და კოლეგის, თუნდაც ოპონენტის, გულწრფელსა და დამაჯერებელ არგუმენტებს არ ითვალისწინებენ.

- არ მომწონს რომ უპრინციპო, უდიპლომო და  უცოდინარ ადამიანებს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად განამწესებენ! ამას წინათ, მეგობარმა, დიდი ფიქრის გარეშე, ჩამომითვალა ათი ქართველი იურისტი, რომელთაც, ევროპასა და ამერიკაში აქვთ დაცული სადოქტორო დისერტაციები, საქართველოს აკადემიურ სისტემაში საქმიანობენ და შეუბღალავი რეპუტაცია აქვთ.

მეგობარს დავესესხები და ამასაც ვიტყვი, - არ მომწონს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შინაარსი ეცლებათ, მხოლოდ გაფუყული გარსიღა რჩება და ამაში, თუმცა კი ყველა ტყუის, ერიც და ბერიც, პარტიებიც და არასამთავრობოებიც, მაინც, ყველაზე მეტად, ხელისუფლებაა დამნაშავე.

- არ მომწონს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია გააფთრებით ებრძვიან ავტორიტეტულ პიროვნებებს ყველგან, საზოგადოებაში, ბიზნესში, უნივერსიტეტებში, ეკლესიაში.

- ჰო, ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ რუსთაველზე კარავს არ დავცემ, პარლამენტის შენობაში შევარდნას არ მოვინდომებ, კვირებისა და თვეების მანძილზე უსაქმურად არ ვიდგები თბილისის ცენტრში. საპროტესტოდ თუ გავალ, საღამოს შინ დავბრუნდები და მეორე დღეს სამუშაოდ წავალ. არჩევნებს დაველოდები და არმოსაწონ ხელისუფლებას გადავირჩევ, შედარებით მოსაწონს ავირჩევ.

მე საქართველოს მოქალაქე ვარ! მიუხედავად ყველაფრისა.

- უკაცრავად ვარ პოლიტიკოსებთან, მოსამართლეებთან, ჟურნალისტებთან, არასამთავრობოებთან! აბა,  თქვენ ჭკუის დარიგებას როგორ გაგიბედავთ, მე ჩემსავით რიგით მოქალაქეებს ვესაუბრები.