თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაპატიმრებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორებს უწოდებს. ამის შესახებ კუხიანიძემ თავის „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა:
„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!“, - წერს საკრებულოს წევრი.
შეგახსენებთ, რომ ექიმი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.
თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ „იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე“ და იგი არანაირ საზღვარს არ აღიარებს.