ბრონქოსპაზმით დაღუპვის საშიშროება – რას საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ენძელა მაჭავარიანი?!

ბრონქოსპაზმით დაღუპვის საშიშროება – რას საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ენძელა მაჭავარიანი?!

გუშინ, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა.

როგორც ენძელა მაჭავარიანმა აღნიშნა, არის ალერგიული და გაურკევევლი სუნის გამო თავი ცუდად იგრძნო.

„სუნებზე მაქვს ალერგია. სუნამოზეც ალერგია მაქვს. სხდომათა დარბაზში არ დამინახავს ირმა ნადირაშვილი, დავინახე ლელა ქებურია, მეორე ვინ იყო ყურადღება არ მიმიქცევია. რა დაასხეს, არ დამინახავს.

რადგან ალერგიული ვარ, იმ წუთში გავვარდი გარეთ, მეგონა გადავრჩი, მაგრამ 5 წუთში დამეწყო სიმპტომები. ხშირად მემართება ხოლმე ასე, მაქვს გამოცდილება,”– განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

ამასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მომხმარებელი ირა ჭელიძე “ფეისბუქზე” წერს: –  “ენძელაზე რომ ვღლიცინებთ… ადამიანს ტრაქეალური ალერგია აქვს და ბრონქოსპაზმით დაღუპვის საშიშროება ჰქონდა.”

ევროკომისიის მეორე კატეგორიის ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში, ექიმი-ვეტერინარი გიორგი ჩიკვაიძე გუშინ საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფაქტს დანაშაულს უწოდებს და იმ ნივთიერების მავნებლობაზე საუბრობს, რაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზში მოასხეს.

მისი თქმით, “ACD ფრაქცია 2” , რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა 40-იან წლებში შექმნეს, შეიცავს ადაპტო-გენებს, რასაც ნებისმიერი ცოცხალი უჯრედი, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოიმუშავებს.

ამის შესახებ ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერეცციაზე ისაუბრა.

„ამ ნივთიერებას პრეპარატს ვერ დავარქმევ, რადგან “ACD ფრაქცია 2“ არის არათუ რეგისტრირებული, არამედ, – აკრძალული ნივთიერება ყველა ქვეყანაში. მას არ გააჩნია ფონი, არც ვიტამინია, არც ანტიბიოტიკი, არის გაურკვეველი სტიმულატორი. როდესაც ვეტერინარიის დეპარტამენტში ვმუშაობდი, არაერთი მომართვიანობა იყო, რომ ადამიანები ამას თვითნებურად სვამდნენ და ჰქონდათ გვერდითი მოვლენები. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დეტალური კვლევა ჩაგვეტარებინა. ეს პრეპარატი არის ადაპტო-გენების და მისნაირი ნივთიერებების ნაკრები. ადაპტო-გენებს ნებისმიერი ცოცხალი უჯრედი გამოიმუშავებს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ესაა მასტიმულირებელი ნივთიერება, ასე ვთქვათ, ბოლო გაბრძოლებისთვის, რომ იქნებ როგორმე ეს უჯრედი გადაარჩინოს. გამოირჩევა ძალიან მაღალი სენსიტიურობით.  ყველაზე მძიმე რაცაა, არის მისი ჰიპერალერგიულობა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც გააჩნია უამრავი ალერგენი, როდესაც ამას შეისუნთქვას ან კანზე მოხვდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს არა ჩვეულებრივი ალერგიული რეაქცია, არამედ ანაფილაქსიური შოკი და ლეტალური შედეგიც კი”, – განაცხადა ექსპერმა “მედიაცენტრ მთავართან”.

მისი თქმით, “ACD ფრაქცია 2”, გასული საუკუნის 40-იან წლებში ძირითადად, სამხედროებისთვის გამოიყენებოდა, რაც მათ ტკივილის შეგრძნებას უკარგავდა:

“ეს პრეპარატი შექმნილია რუსეთის სპეცსამსახურების და სამხედრო ლაბორატორიის მიერ. მიზანი ჰქონდა ერთი, – მოეხდინა სამხედროებში დაზიანებების სწრაფი დეგენერაცია და გარდა ამისა, ადაპტო-გენების საშუალებით, გამოეწვია ისეთი ჰიპერშოკური რეაქცია, რაც მათ დააკარგვინებდა ტკივილის შეგრძნებას და გამოიწვევდა უჯრედულ მდგრადობას ნებისმიერ სიტუაციაში”, – აცხადებს ექსპერტი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, დარბაზში მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლებმა მძაფრი სუნის მქონე სითხე მოასხეს, რის გამოც 6 ადამიანი შეუძლოდ გახდა. მათ შორის 4-ს პოსპიტალიზება დასჭირდა.