პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ნიკა მელიაზე კომენტარებისას თქვა, რომ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მექანიკური გადაწყვეტილებაა.
„ნიკა მელიას საკმაოდ მძიმე ბრალდებები ჰქონდა და აქტივობებიც განახორციელა. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რეგლამენტის მიხედვით, როდესაც ბრალდებულია, ავტომატურად წყდება უფლებამოსილება. პრაქტიკულად ეს მექანიკური გადაწყვეტილებაა და არა შინაარსობრივი. შურისძიება, წამება, შეურაცხყოფა და ა.შ. ეს არის ის, რაც ახასიათებს იმ რეჟიმს, რომელთა ინტერესებსაც ატარებდა ნიკა მელია“,– განაცხადა გია ვოლსკიმ.
მან მოსამართლეობის კანდიდატებზეც ისაუბრა და თქვა, რომ სასამართლო „ქართული ოცნების“პერიოდში ერთ-ერთი წარმატებულ იყო.
„მნიშვნელოვანია სიღრმისეულად გაანალიზდეს სიტუაცია, როდის დაუპირისპირდა „ნაცსექტა“ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველთვის მხარს უჭერდა. 2014-2015 წლებიდან ის დაუპირისპირდა იმ სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებით საკმაოდ წარმატებული ადგილი უკავია ჩვენი მმართველობის დროს.
რაც შეეხება სხდოამზე მომხდარ ფაქტს. გარდა იმისა, რომ არჩილ თალაკვაძე თავმჯდომარეა, ის არის სპეციალისტი ჯანმრთელობის დაცვის კუთხით და როდესაც ასეთი ნივთიერება გამოიყენება ადამიანების წინააღმდეგ, ეს კვალიფიკაციით ქიმიური თავდასხმაა. ეს იყო უნიჭო პერფორმანსი მედიასაშუალების, პოლიტიკური პარტიის და კონკრეტული შემსრულებლების მიერ. ვერდიქტი უნდა გამოიტანოს გამოძიებამ“,– განაცხადა გია ვოლსკიმ.