“ქალბატონო დიანა, “ოცნების” დეპუტატებივით მელაპარაკებით” – “ყველა პოლიტიკოსი ერთმანეთს ნუ დაემსგავსებით”- შეკამათება ლელა ქებურიასა და დიანა ტრაპაძის შორის (ვიდეო)

“ქალბატონო დიანა, “ოცნების” დეპუტატებივით მელაპარაკებით” – “ყველა პოლიტიკოსი ერთმანეთს ნუ დაემსგავსებით”- შეკამათება ლელა ქებურიასა და დიანა ტრაპაძის შორის (ვიდეო)

„ევროპული საქართველოს“ წევრი ლელა ქებურია აცხადებს, რომ პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანის საკითხზე არ არის ვალდებული თავი იმართლოს.

ლელა ქებურიამ არც უარყო და არც დაადასტურა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება მან დაასხა.

“არსებობს კადრების ჩანაწერები, წარმოადგინონ და შემდეგ მელაპარაკონ ბრალდებებზე. ამ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის ჩემი ვალდებულება. ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს, ის არის ვალდებული დაამტკიცოს და წარმოადგინოს მტკიცებულებები. წარმოდგენილი მტკიცებულებები არის კადრები, სადაც მე გადავადგილდები. არცერთხელ არ უარმიყვია, რომ მე პარლამენტში ვიყავი. დეპუტატების პარლამენტში გადაადგილება ჯერჯერობით დასჯადი არ არის“, – განაცხადა ქებურიამ TV – “პირველის” ეთერში.

“რამ გადაგაწყვეტინათ ამის გაკეთება პარლამენტში? – ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ოპოზიციერ დეპუტატ ლელა ქებურიას, რაზეც მან უპასუხა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებივით მტკიცებით ფორმაში ესაუბრებოდა.

“ქალბატონო დიანა, რაღაც “ოცნების” დეპუტატებივით მტკიცებით ფორმაში მელაპარაკებით.” – მიმართა ქებურიამ ტრაპაიძეს. რაზეც ტელეწამყვანმა მიუგო: – ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა თქვენი პასუხიდან… ძალიან გთხოვთ, ყველა პოლიტიკოსი ერთმანეთს ნუ დაემსგავსებით იმით, რომ რაც არ მოგწონთ მიაკეროთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ვერავინ ვერ მიმაკერებთ მე, რადგან არანაირი სიმპათია არ მაქვს არსებულ სპექტრში” – მიმართა მან ოპოზიციონერ დეპუტატს.

ტელეკომპანია “იმედმა” და “მაესტრომ” გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში “ევროპული საქართველოს” დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება ამ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაასხეს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, უსაფრთხოების გამო, ტექნიკური შესვენების გამოცხადება სთხოვა.

საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.