ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქტიშვილის განცხადებით , „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის სიმართლეს ამბობს და საზოგადოებას შეუძლია,რომ მას მარტივად დაუჯეროს.
როგორც ცქიტიშვილი ინტერნეტჟურნალ „ველური ბუნებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს დენდროლოგიურ პარკის მშენებლობისთვის ხეების გადარგვა „არაკეთილმოსურნეებს“ „დამანგრეველ“ საქმიანობად უნდოდა შეერაცხათ.
„პირველ რიგში, ვიცი რა ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და მისი საქველმოქმედო პროექტები, დარწმუნებული ვარ, ყველა ის საქმე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს, არის მიმართული კონკრეტული სოციალური ამოცანის შესასრულებლად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხეების გადარგვაზე, ამ საკითხზე ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნე ცდილობდა, წარმოეჩინა ის მავნებლურად, დამანგრეველ საქმიანობად. ძალიან კარგად იცის იმ საზოგადოებამაც, სადაც ეს ყველაფერი შენდება, რომ სინამდვილეში ამ ხეების გადარგვა ხდებოდა, რათა გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა – დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგიც ჩვენს ქვეყანაში არ არის და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იქნება ტურიზმისთვისაც, ამ რეგიონში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად. რაც შეეხება ზიანის აღმოფხვრას, რომელიც იმ კონკრეტული ხის ამოღების ადგილას მოხდა, მე უშუალოდ არ ვარ იქ ნამყოფი, მაგრამ ძალიან ბევრი კადრი მაქვს ნანახი, ძალიან ბევრი მტკიცებულება მაქვს ნანახი იმისა, რომ იქ, სადაც ხის ამოღება მოხდა, ტექნოლოგიურად შესაბამის ვადაში განხორციელდა ამ ყველაფრის აღდგენა. იმ ადგილას, რა თქმა უნდა, ასწლოვანი ხე ვერ იქნება ჩარგული, მაგრამ გარემოსთვის ზიანის აღმოფხვრა ხდება. ეს ასწლიანი ხე მოჭრილი არ არის, მისი ადგილმდებარეობა შეიცვალა“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.