პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არაადეკვატური განცხადებების გამო შეწყვიტა.
ამის შესახებ ბურჯანაძემ რუსულ ტელეკომპანია Вместе-РФ-თან საუბარში განაცხადა.
„მოხარული ვიყავი, როდესაც ვლადიმერ პუტინმა არ გაითვალისწინა დუმის გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან კარგი, ბრძნული გადაწყვეტილება და არა – ემოციური. ავიამიმოსვლა კი შეწყდა და ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ეს მოყვა ჩვენი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს, რომელიც ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებდა მაშინ, როდესაც რუსეთი ნამდვილად არაფერ შუაში იყო. ვგულისხმობ გავრილოვის სამწუხარო ინციდენტს. ამიტომ, რუსეთმა პრეზიდენტის განცხადებაზე რეაგირება მოახდინა“,- განაცხადა ბურჯანაძემ.