არჩილ თალაკვაძე: „რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი“

არჩილ თალაკვაძე: „რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი“

„შემდეგი განხილვის საგანი იქნება არსებული შერეული მოდელის ფარგლებში შესაძლო ცვლილებები“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვიმსჯელოთ არსებული კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში და მოვემზადოთ არჩევნებისთვის. სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაზე ეს ვერ მოხერხდა, რადგან იყო გარკვეული კატეგორიული პოზიციები, მაგრამ დღეს, შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების მომდევნო თემა სწორედ ეს იქნება და ჩვენ ამისთვის მოვემზადებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პროცესი ნორმალურ, პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება და ეს მისასალმებელია.

„რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი“,- აღნიშნა მან.

რაც შეეხება „გერმანულ მოდელს“, ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული მოდელის მიღებას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება და ამიტომ, ამ საკითხს მმართველი გუნდი არ განიხილავს.

მისივე შეფასებით, შეხვედრა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა და პოზიციების გამოთქმის საშუალება ყველა მხარეს მიეცა.

„როგორც ხედავთ, როგორც მინიმუმ, შეთანხმება იმაზე მაინც შედგა, რომ დღეიდან შემდეგი განხილვის საგანი იქნება არსებული შერეული მოდელის ფარგლებში შესაძლო ცვლილებები, რომელზეც ჩვენ პოზიციას მოვამზადებთ, ისევე როგორც ოპოზიცია მოემზადება მომდევნო რაუნდისთვის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.