მენაღარიშვილი ბერლინში მომხდარ მკვლელობაზე: „საკითხის სრულიად უყურადღებოდ დატოვება არასწორია“

მენაღარიშვილი ბერლინში მომხდარ მკვლელობაზე: „საკითხის სრულიად უყურადღებოდ დატოვება არასწორია“

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე, რაშიც გერმანია რუსეთის კვალს ხედავს, საქართველოს ხელისუფლება უკვე რამდენიმე თვეა დუმს - გერმანიაში მოკლული პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ეს საქმე ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს, თუმცა, საჭიროა მეტი მტკიცებულება, რომ ხანგოშვილის მკვლელობა კრემლის დაკვეთით მოხდა.

„საკითხის სრულიად უყურადღებოდ დატოვება, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, ვინც არ უნდა ყოფილიყო და რაც არ უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში საუბარი ეხება რუსეთს, რომელიც კარგად მოგვეხსენება რა დამოკიდებულებაშია ჩვენთან.

„რაიმე ნაბიჯის გადადგმას არ ვიჩქარებდი სანამ მეტი რამ არ გაირკვეოდა. ღია წყაროებით ჯერჯერობით რაც ცნობილი გახდა, ის არის, რომ (ხანგოშვილი) მოკლა რუსეთის მოქალაქემ, რომელსაც ყალბი საბუთი აქვს. გერმანიის შესაბამის სამსახურებს ეჭვი აქვთ, ეტყობა საფუძვლიანი, სხვანაირად ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამდნენ, რომ საქმეში რუსეთია გარეული.

„საუბარია საქართველოს მოქალაქეზე, რაც სახელმწიფოს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებას თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ გაარკვიოს რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალდებები და შემდეგ პოზიცია გამოხატოს. მესმის, სანამ სიტუაცია არ გაირკვევა, რამის მტკიცე რთულია, მაგრამ ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს გერმანიის სახელმწიფოსთან და მის სპეცსამსახურებთანაც, რომ კონტაქტი წესით არ უნდა გართულეს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ცნობისათვის, საუბარი ეხება 23 აგვისტოს გერმანიაში პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას. საქმე ბერლინში, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ჩაიბარა. გერმანიის მედიის ცნობით, ფედერალური პროკურატურა გაააგრძელებს აგვისტოში ბერლინში მოკლული ეთნიკური ჩეჩნის საქმის გამოძიებას, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთის დაზვერვაა მკვლელობასთან დაკავშირებული.

შეგახსენებთ, 40 წლის ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლა ჩეჩნეთის ომში. ის ბერლინის პარკში, „კლაინერ ტირგარტენში" ზურგიდან ტყვიის გასროლით მოკლა ველოსიპედისტმა. ეჭვმიტანილი კი რუსეთის მოქალაქეა.