მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელმა შეხვედრამ დაძაბულობის გარეშე ჩაიარა.
როგორც ხუნდაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას და თანამოაზრე დეპუტატებს მიეცათ საშუალება, წარედგინათ ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე დაყრდნობით მომზადებული კანონპროექტი და დაესვათ ძირითადი კითხვები.
ხუნდაძე ამბობს, რომ კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს. მისივე თქმით, პროპორციული სისტემა და კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი იძლევა საშუალებას, დესტრუქციულმა ძალებმა დესტრუქციული ქმედებები გააგრძელონ.
ხუნდაძის აზრით, 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევია.
„არის დაშვებული შეცდომა, რომ 2024 წელს ნაჩქარევად გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ვიდრე ეს შეცდომა რეალურ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს, სჯობს, გამოვასწოროთ შეცდომა. თუ შეცდომის გამოსწორებაში გუნდის წევრები არ აგვყვებიან, ამ შეცდომის გამოსწორებას ვეცდებით ჩვენ, ის, ვინც ვართ თანამოაზრები" ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძემ აქვე დასძინა, რომ მათი რაოდენობა 30-ზე მეტია.
„უკვე ვართ 30-ზე მეტი. შევიკრიბებით, შევთანხმდებით და გაგაცნობთ ჩვენს გეგმას. ძირითადი ხაზი არის გამოკვეთილი. ჩვენ გავალთ მოქალაქეებში, დავიწყებთ 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, დავიწყებთ საარჩევნო სისტემის გარშემო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას" ,- განაცხად დიმიტრი ხუნდაძემ.
11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს. ამ საკითხზე პარტია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა.