მცხეთა ვერასოდეს და ვერავისთვის ვერ იქნება დაპირისპირების ადგილი, ეს არის ქალაქი, სადაც ხშირად საქართველოს ბედი წყდებოდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
დეპუტატმა მადლობა გადაუხადა მცხეთელებს მოთმინებისთვის და ბოდიში - უხერხულობისთვის.
„მცხეთა ვერასოდეს და ვერავისთვის ვერ იქნება დაპირისპირების ადგილი, ეს არის ქალაქი, სადაც ხშირად საქართველოს ბედი წყდებოდა. როგორც ჩანს, ისტორიის ბორბალი ისევ დატრიალდა და ნიშნული დღევანდელ დღეზე გაჩერდა. სწორედ ამ ქალაქიდან უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მომავალი და სიკეთე გადამდები გავხადოთ ყველასთვის. დღეს ქალაქს ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები: ბოკერია, უგულავა, ვაშაძე, დეკანოიძე და სხვები სტუმრობდნენ. როგორც ჩანს, იმ წარსულის ნოსტალგია აქვთ, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მოქალაქეებს საკმაოდ მძიმედ ახსოვთ. მათ სწორედ იმ ასაკის ახალგაზრდები აიფარეს ფარად, რომელთა მეხსიერებაში მათი მწვალებლური პოლიტიკა, საბედნიეროდ, არ დევს.
მცხეთელებმა სტუმრობაც კარგი იციან და უკვე რამდენიმე წელია, ერთ მუშტად შეკვრაც მოვახერხეთ. ამ ქალაქში, საბედნიეროდ, მეორე მხარე არ არსებობს და ყველა ერთად ვქმნით მომავალს. ვაშენებთ საბავშვო ბაღებს, რომ ერი გამრავლდეს. ვზრუნავთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ახალგაზრდობას არა თუ ნარკომანიისკენ ვუბიძგებთ, არამედ ჯანსაღი ცხოვრების პირობებს ვუქმნით, ვუშენებთ მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსებს, ბილწსიტყვაობას კი არ ვასწავლით და ერთმანეთის წინააღმდეგ ვაქეზებთ, არამედ ერთ-ერთ საუკეთესო ახალ კულტურის ცენტრში, კულტურას ვაზიარებთ. სკვერებს კი არ ვყიდით, არამედ დასასვენებელ ადგილებად ვაქცევთ, წარსულს არა თუ ფეხქვეშ ვთელავთ, არამედ არქეოლოგიურ მუზეუმს ვაშენებთ, რომ საკუთარი ისტორია თაობებს შემოვუნახოთ და სტუმრებსაც გავაცნოთ. რწმენასა და რელიგიას კი არ ვბილწავთ და პატრიარქს ვაგინებთ, არამედ ისტორიულ ძეგლებს სათუთად ვუვლით და ღამით სანთლებად ვანთებთ. პრობლემები, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია, მაგრამ ერთობით მათ დაძლევასაც შევძლებთ.
მადლობა მცხეთელებს მოთმინებისთვის და ბოდიში უხერხულობისთვის, მაგრამ საქართველოს ბედი ხომ დიდწილად მცხეთაში წყდებოდა“. - წერს დიმიტრი ხუნდაძე.