გუშინ, საღამოს საათებში “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც მოძრაობა “სირცხვილია” და “შეცვალე” აქციას მართავდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის სოსო გოგაშვილის ვაჟი ნიკა გოგაშვილი იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ადგილზე მივიდა იმის გამო, რომ “ქვეყანაზე გული შესტკივა”.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას, ნიკა გოგაშვილის თქმით, მათ დაპირისპირება არ დაუწყიათ და “პროვოცირება და მათი გაღიზიანება “შეცვალეს” აქტივისტებმა დაიწყეს”.
გოგაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საკუთარი პოზიციის გამოსახატად მივიდა ადგილზე და მამამისი ამასთან კავშირში არ არის.
“ესენი არიან ტერორისტების “გამპრავებლები” არიან. კარგად იცით რასაც ვგულისხმობ. რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ იცით.
მე აქ ვარ იმიტომ, რომ გული შემტკივა ჩემს აქვეყანაზე. სოსო გოგაშვილის შვილს უფლება არ აქვს, რომ მოვიდეს აქ და დადგეს ქართველი ხალხის გვერდზე? მე ვარ სრულწლოვანი და მოვედი აქ. რა მნიშვნელობა აქვს იცის თუ არა სოსო გოგაშვილმა. არაფერ პროცესში არ არის ჩართული მამაჩემი.
ჩვენ ხელს არავის ვუშლით. უბრალოდ გული გვტკივა იმაზე, რომ ეს ძალა გამოდის და კიდევ მორალს გვიკითხავს. 9 წლის განმავლობაში გაგვანადგურეს. ამ ძალას უნდა სიტუაციის არევა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, დაჩანაკებული მოძრაობა შემობრუნდეს უკან. მე არ ვარ “ქართული ოცნების” წევრი, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ”, – განაცხადა ნიკა გოგაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იცის თუ არა მამამ მისი იქ ყოფნის შესახებ, ნიკა გოგაშვილმა უპასუხა:
მამაჩემი რა შუაშია? ისეთ რაღაცას მეკითხებით, რომ მეცინება. მეკითხებით მამაჩემმა იცის თუ არა აქ რომ ვარ? ანუ, 6 -ის მერე, რომ დაბნელდება, სახლში უნდა წავიდე?!” – იკითხა ნიკა გოგაშვილმა.
ნიკა გოგაშვილის სამოქალაქო აქტივიზმს ოპოზიური სპექტრის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რასაც ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე ასე ეხმაურება:
“2012 წელს კარალეთში, ქვების წვიმა რომ დაუშვით “ნაცებო”, იმ ქვებით თავი ჰქონდა გახეთქილი 14 წლის ნიკა გოგაშვილს, მაშინ არ გიდარდიათ ეს ფაქტი ჟურნალისტებო, არსად თქვენი ხმა არ გამიგია ეგ როგორ ჩაიდინეს ნაცებმაო… ხოდა, ის ბიჭი გაიზარდა და დღეს “ოცნების” ახალგაზრდულ ფრთაშია, კიდევ გამოვა რამდენჯერაც იქ მიხვალთ და ჩვენც მშობლებიც იქ დავდგებით რომ თქვენ აღარ მოეთრიოთ არასდროს!” – წერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.