ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, ანუ მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მედიას განუცხადა, რითაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებულ მოდელის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდება, სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.
“პირადად შევხვდი ეუთო/ოდირის პრეზიდენტს, ასევე ვესაუბრე შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებს. ისინი ინფორმირებულები არიან, რომ სახალხო დამცველი აპირებს აღნიშნული კანონპროექტის გაგზავნას. ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში, ანუ მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე და შემდეგ უკვე სახალხო დამცველი, მე მივმართავ ეუთო/ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდება და რომელიც იქნება დარეგისტრირებული პარლამენტში”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველი აპირებს, ეუთო/ოდირს გადაუგზავნოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შემუშავებული მოდელი.