არავის შვილი პრობლემა არ არის , - ამის შესახებ მოძრაობა “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა “2020NEWS” განუცხადა და ასე გამოეხმაურა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილის “ქართული ოცნების“ ოფისთან გამოჩენას.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების შვილების გამოჩენა მიუთითებს იმაზე ,რომ მმართველ პარტიას ე.წ. “ტიტუშკებიც” კი ვერ გამოჰყავს კონტრაქციებზე.
როგორც დიღმელაშვილმა სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ , წარმოაჩინონ , რომ საზოგადოება ორად არის გაყოფილი თუმცა ეს რეალობა არაა. მისი თქმით, საზოგადოება ერთიანია იმ მოწოდებასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციულისისტემით უნდა ჩატარდეს.
შეგახსენებთ, გუშინ “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოძრაობა “სირცხვილიას“, “ შეცვალესა“ და პარტია “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. “ სირცხვილიასა“ და “ შეცვალეს“ წევრებმა პარტიის შენობის კედელზე გააკრეს სტიკერები, ასევე გააკეთეს წარწერები. პარტიის ოფისის წინ მათ დაწერეს “მონებო“, “ქურდული ოცნება“ და დაპირისპირება ამის შემდეგ დაიწყო.
“ქართული ოცნების“ ოფისთან გამოჩნდა სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილი, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და მძაფრი რეაქციები მოჰყვა.