„თბილისში არეულობა მილიარდერის ოცნებას საფრთხეს უქმნის", - ამ სათაურით სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი თვეები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი „ქართული ოცნებისთვის" პოლიტიკურ კოშმარად იქცა. გამოცემასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი და არა დესტრუქციული ძალებია საჭირო.
„მე განზე გავდგები, როდესაც დავინახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან", - თქვა ივანიშვილმა.
ინტერვიუს დროს, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სადავო კენჭისყრამდე ჩაიწერა, ივანიშვილმა უარყო ოპოზიციის პრეტენზია, რომ ის ძალაუფლების გახანგრძლივებას ცდილობს.
სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილის უზარმაზარი ქონება და საქველმოქმედო პროექტები აძლიერებს ისეთ ქვეყანას, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 400 დოლარია. „მირჩევნია, მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი", - ამბობს მმართველი გუნდის ლიდერი ინტერვიუს დროს.
ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუ რუსეთთან ურთიერთობებსაც დაეთმო. სტატიის ავტორი წერს, რომ ივანიშვილის მიზანი მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენაა და ამის გამო ის ჯერ პოლიტიკას არ ტოვებს.
„ის რაც რუსეთმა ომით გააკეთა, სიგიჟეა, მაგრამ თუ ჩვენ კედელს ავაშენებთ და სიძულვილის ენას გამოვიყენებთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, ვითარება არასდროს შეიცვლება". ვიდრე პოლიტიკას დატოვებს, ივანიშვილი ამბობს, რომ უნდა შეიქმნას პასუხისმგებლიანი პარტია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" ჩაანაცვლებს.
„დღეს რომ არჩევანი „ქართულ ოცნებასა" და სხვა ძალას და არა „ნაციონალურ მოძრაობას" შორის ყოფილიყო, პოლიტიკას დავტოვებდი, ვეღარ მნახავდით პოლიტიკაში, ან პარლამენტში. ჩემს სოფელს არ დავტოვებდი", - ამბობს ივანიშვილი.