მოხარული ვარ, რომ დიალოგი შედგა, - ამის შესახებ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.
„დღეს დილით, შეხვედრის დაწყებამდე, მე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი და იმედი, დაიწყებოდა მსჯელობა და დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით და იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. მე მოხარული ვარ, რომ ეს გამართლდა, დიალოგი შედგა. შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ.
შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა განვიხილეთ ბევრი ვარიანტი და არჩევანი, რომ ეს პრობლემები გადაწყდეს და რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება აღნიშნულ საკითხებზე. ამაზე შეთანხმდა მმართველი გუნდი და ოპოზიცია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 10:00 საათზე დაიწყო. შეხვედრაზე დასწრების უფლება არ მისცეს აქციის ორგანიზატორებს.
ცნობისთვის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს.
ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.